ეკვადორის პოლიცია შეიჭრა მექსიკის საელჩოში და დააკავა ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხორხე გლასი, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გუშინ მექსიკის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორხე გლასისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ეკვადორის საგარეო უწყებამ ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და გლასის პოლიციისთვის გადაცემა მოითხოვა.
ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მექსიკის საელჩოში გასული წლის დეკემბერში სტუმრის რანგში შევიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მოგვიანებით ეკვადორის მთავრობამ მექსიკას მისი დაკავების ნებართვა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
2022 წლის ბოლოს გლასი 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა, ის სასჯელს ქრთამის აღებისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში შესვლის გამო იხდიდა. 2023 წლის ბოლოს მას კორუფციის კიდევ ერთ ეპიზოდზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო დაკავების ორდერი მაშინ გაიცა, როდესაც ხორხე გლასი უკვე მექსიკის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
მექსიკის პრეზიდენტმა მანუელ ლოპეს ობრადორმა საგარეო უწყებას ეკვადორთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა დაავალა, ხორხე გლასის დაკავებას კი მექსიკის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა.