ამ მიმართულებითაც, ისევე, როგორც სხვა მიმართულებით, პრაქტიკულად არ არსებობს კონსენსუსის მიღწევის ან დეპოლარიზაციის შემცირების რაიმე პერსპექტივა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გამჭვირვალობის კანონის შესახებ „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, პარტნიორების განცხადებებიც უმეტესად ამ საკითხის გამო შეშფოთებას გამოხატავს.
„ამ მიმართულებითაც, ისევე, როგორც სხვა მიმართულებით, პრაქტიკულად არ არსებობს კონსენსუსის მიღწევის ან დეპოლარიზაციის შემცირების რაიმე პერსპექტივა. ეს მხოლოდ ამ კანონთან დაკავშირებით არ ხდება. დასავლელი პარტნიორების უმეტესი განცხადებებიც გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რაც შეიძლება, ამ საზოგადოებებს - მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის მოხდეს. ამასთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი ჩვენც გვქონდა. მოვხსენით ეს კანონპროექტი დღის წესრიგიდან”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა ასევე, გაიხსენა NED-ის პრეზიდენტის კენ ვოლაკის განცხადება, რომ პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა დაუშვებელია.
„იგივე NED-ის და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შესანიშნავი პროექტებია დაფინანსებული და ამის დეკლარირება დაუშვებელი რატომ უნდა იყოს, გაუგებარია. NED-ის პრეზიდენტი კენ ვოლაკი სულ ახლახანს გამოვიდა და კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ პროცესებში და ამაში იყენებდნენ დონორების დაფინანსებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.