ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქიმაძის განცხადებით, სულეიმანჯების საკითხთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს მუნიციპალიტეტში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე მართავს.
„როგორ შეიძლება ითქვას, რომ არ არის ეს მართული პროცესი, როცა ხელისუფლების შეთავაზებებზე უარს ამბობენ? ბატონი ტარიელ ნაკაიძე ფაქტობრივად სათავეში უდგას ამ პროცესებს. ტელეფონი ჩართული ჰქონდათ ხმამაღალზე და იქიდან აძლევდა დირექტივებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ“, - აღნიშნა მერმა და განმარტა, რას სთავაზობს ხელისუფლება სულეიმანჯებს.
„გამოვნახავთ ჩვენ საერთო ენას და ყველაფერი დალაგდება ისე, რომ ორივე მხარე იქნება კმაყოფილი. ერთ სახლს იყიდის მერია, სადაც შეიყვანს სოციალურად დაუცველებს, უსახლკაროებს და თქვენ სანაცვლოდ გიყიდით სხვაგან საცხოვრებელ სახლს, სადაც თქვენ მოგეწონებათ. პლუს ამას, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აქვე, 800 მეტრში არის სოფელი, იქაც გიყიდით მეორე სახლს და იქ ილოცეთ“, - განაცხადა ქიმაძემ.
რელიგიის საკითხთა სააგენტო მერაბ მიქელაძეს, რომელმაც ადიგენში სახლში სამლოცველო მოაწყო, სახლის გამოსყიდვას ან ადგილმონაცვლეობას სთავაზობს, თუმცა მიქელაძე სახელმწიფოს შეთავაზებაზე უარს ამბობს. ადგილობრივები მერაბ მიქელაძის სახლში სულეიმანჯების სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. სულეიმანჯები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არ ემორჩილებიან.