ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ დავადასტუროთ ტრანსატლანტიკური მხარდაჭერა სომხეთის დემოკრატიული მომავლის და უფრო ინტეგრირებული, მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთთან პარტნიორობის გაძლიერებას.
„არსებული ურთიერთობა კარგ საფუძველს ქმნის სამომავლო პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვიზიარებთ სომეხი ხალხის ხედვას ქვეყნის მომავალთან მიმართებაში. გვინდა სომხეთი იყოს ძლიერი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც დაკავშირებული იქნება რეგიონთან და მსოფლიოსთან. ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სურთ იყვნენ თქვენი პარტნიორები ამ ძალისხმევაში და ვფიქრობ დღევანდელი დღე ამის ნათელი დასტურია. სომხეთისთვის რეგიონული ინტეგრაცია მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სამშვიდობო ინიციატივას. ჩვენ ვხედავთ უფრო ინტეგრირებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს ახალი სატრანსპორტო მარშრუტებით, ენერგო და სატელეკომუნიკაციო სფეროებში თანამშრომლობით. ეს ხელს შეუწყობს შესაძლებლობების გაზრდას, ეკონომიკის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს მშვიდობასა და შერიგების ძალისხმევას. ეს მოიტანს სარგებელს თითოეული დაკავშირებული ქვეყნისთვის. ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურთ დაგეხმარონ. აშშ მხარს უჭერს სომხეთთან პარტნიორობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბლინკენმა.