ადიგენში მუსლიმ თემთან წინა მოლაპარაკებების პროცესში, მოლაპარაკებების მეორე მხარეს, ჩართული იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება ტარიელ ნაკაიძე. შესაბამისად, დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს - წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემის გააქტიურება ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მან დაბა ადიგენში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, კერძოდ, ვაშაყმაძის განმარტებით, სახელმწიფომ „სულეიმანჯების“ წარმომადგენელს დაბა ადიგენში, კერძო სახლში ლოცვის ჩატარების ნაცვლად ალტერნატიული შენობა შესთავაზა.
„აღნიშნული სახლიდან დაახლოებით, 800 მეტრში, მაქსიმუმ 1 კმ-ში, სოფელ იჯარეთში, სადაც კომპაქტურად მუსლიმები ცხოვრობენ, სახელმწიფო დაეხმარებოდა მუსლიმ თემს, რომ მომხდარიყო შენობის შესყიდვა. აღნიშნულ ჯგუფს მიეცემოდა შესაძლებლობა შესულიყო და ელოცა. მაგრამ ამაზეც უარი თქვეს. არა არგუმენტირებული პასუხი იყო - არ მინდა და არ ვაკეთებ.
მინდა აღვნიშნო, რომ წინა მოლაპარაკებების პროცესში, მოლაპარაკებების მეორე მხარეს, ჩართული იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნება ტარიელ ნაკაიძე. შესაბამისად, ახლა საზოგადოებამ თვითონვე განსაზღვროს, მეორე მხრიდან შესაძლო ინტერესები. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ერევა მოლაპარაკებების პროცესში, თავისთავად, ის თავის ინტერესს დებს. რაც ყველაზე მთავარია, ფაქტობრივად, წინა მოლაპარაკებების დროს წამყვანი მოლაპარაკებების პროცესში, მათ მხარეს აღნიშნული პიროვნება იყო. დასკვნა საზოგადოებამ გამოიტანოს - წინასაარჩევნო პერიოდში ამ თემის გააქტიურება ბევრ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა ვაშაყმაძემ.
სად უნდა გაიხსნას ადიგენში მცხოვრები მუსლიმებისათვის კიდევ ერთი სამლოცველო - ამ საკითხზე მუსლიმ თემთან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა 3 აპრილს უშედეგოდ დასრულდა.