მოქალაქეებს და ხელისუფლებას უფლება აქვთ იცოდნენ თუ ვინ არიან ის ორგანიზაციები და ვინ აფინანსებს მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკურ პროცესშია ჩართული, პირდაპირ თუ ირიბად ვინც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, საჯარო პოლიტიკაზე, რომელიც ეხება არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ მთელ ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის მიერ დაზიანებულია სამოქალაქო სექტორის ღირებულება და ის გამოყენებულია პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
„ძალიან სამწუხაროა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის გაკოტრების ფონზე სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე პოლიტიკურად მოტივირებულ ორგანიზაციას, არასამთავრობო სექტორს ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ჩინოვნიკების მიერ დაზიანდა ის ღირებულება, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. მოხდა ამ სექტორის ნაწილობრივ ჩათრევა პოლიტიკურ პროცესი და მათი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. რეალურად, ცხადია ერთი რამ, რომ ეს არის ერთიანი დაჯგუფება და აღრეულია ერთმანეთში, ვინ არის პოლიტიკური პარტია, ვინ არის გასამართლებული თუ კანონის წინაშე პასუხისმგებელი ხალხი, რომელიც ზოგჯერ ჟურნალისტებს, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციას, პარტიას ამოფარებული ისევ აგრძელებს იმ საქმეს, რასაც წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ. ეს ხალხი მაშინაც აზიანებდა, მაშინაც დაასამარეს მათ ყველაფერი თავისუფლების, ევროპული ღირებულებების და დღესაც, ოპოზიციაში ყოფნის დროს, იმავეს აგრძელებენ. ამიტომ აქ საზოგადოებას აქვს ერთადერთი მარტივი და ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გაახმოვანა საკანონმდებლო ინიციატივის სახით. მოქალაქეებს და ხელისუფლებას უფლება აქვთ იცოდნენ თუ ვინ არიან ის ორგანიზაციები და ვინ აფინანსებს მათ, ვინც საქართველოს პოლიტიკურ პროცესშია ჩართული პირდაპირ თუ ირიბად. ვინც, ზეგავლენას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე, საჯარო პოლიტიკაზე, რომელიც ეხება არა ერთ ან ორ ადამიანს, არამედ მთელ ქვეყანას და საზოგადოებას. არ არსებობს დემოკრატია ინფორმირებული საზოგადოების გარეშე. როდესაც ბიზნეს სექტორი, ჩვენც, საჯარო სექტორი, თანამდებობის პირები, სხვა სუბიექტები ამ ქვეყანაში ვაბარებთ ყოველწლიურად დეკლარაციას, რა პრობლემაა და რატომაა მიუღებელი, რომ არასამთავრობო სექტორმა, ვისაც აქვს უცხოური დაფინანსება, ჩააბაროს იგივე დეკლარაციები. რას უმალავენ მოქალაქეებს? ერთი არგუმენტიც არ ჩანს, გარდა იმ ტერმინებისა, რასაც იყენებდნენ მაშინ, როდესაც საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.