პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ აპირებს უშუალო მონაწილეობას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გააცნო პოლონეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ახლა შემიძლია გავიმეორო ის, რაც ვუთხარი მაკრონს, რაც ვუთხარი სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ ბაიდენს. პოლონეთი არ განიხილავს უშუალო მონაწილეობას უკრაინის ტერიტორიაზე ომში“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარები არ იქნებიან.
„ჩვენთვის ეს ეროვნული ინტერესების საკითხია. რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი ჩვენს ინტერესებში არ შედის. არა მგონია, ეს ნატოს რომელიმე წევრის ინტერესებში იყოს. მაგრამ ამავდროულად, არსებობს გადაწყვეტილება, რწმენა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიმოქმედოთ უკრაინის მხარდასაჭერად“, - დასძინა ენტონი ბლინკენმა.