არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა, ინფორმაცია უცხოური დაფინანსების შესახებ იყოს საჯარო და გამჭვირვალე, რათა საზოგადოება ევროპულ ქვეყნებში ვინმემ არ შეიყვანოს შეცდომაში

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა, ინფორმაცია უცხოური დაფინანსების შესახებ იყოს საჯარო და გამჭვირვალე, რათა საზოგადოება ევროპულ ქვეყნებში ვინმემ არ შეიყვანოს შეცდომაში

ევროკომისიამ უკვე გადასცა ევროპარლამენტს განსახილველად ევროდირექტივა, სადაც პირდაპირ არის საუბარი უცხოური დაფინანსების და გავლენის გამჭვირვალობაზე. უკვე ევროკავშირიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროა, ეს ინფორმაცია იყოს საჯარო და გამჭვირვალე, რათა საზოგადოება ევროპულ ქვეყნებში და მთლიანად ევროპაში ვინმემ არ შეიყვანოს შეცდომაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ ელაპარაკება მათ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, ვინ აფინანსებს მათ. ამის შემდეგ მოქალაქეებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც პარტიებზე იციან, ვინ აფინანსებს და რაში იხარჯება ფული; როგორც თანამდებობის პირებზე იციან, რა შემოსავლები გვაქვს და რაში ვხარჯავთ ფულს; როგორც ბიზნესკომპანიები აბარებენ ანგარიშებს პერიოდულად სახელმწიფოს; იგივე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. რასაც სთხოვ სხვას, პირველ რიგში მაგალითი შენ უნდა მისცე. წლების განმავლობაში ეს ორგანიზაციები ითხოვნდნენ ამ დეკლარაციებს ყველა სექტორში. ჩვენ საკუთარ თავს დავუწესეთ ეს სტანდარტი და გვქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ეს გამჭვირვალობის სტანდარტი ამაღლდებოდა. ჩვენი არგუმენტები არის საკმაოდ მკაფიო: რაც სჭირდება ევროკავშირს, ის საქართველოსაც სჭირდება. განვითარებულ ქვეყნებში თუ ჩათვალეს, რომ უცხოური დაფინანსებისა და გავლენისგან საზოგადოება დაცული უნდა იყოს გამჭვირვალობით, აქაც არის საჭირო, იმიტომ რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და საქართველოს მიმართ უსაფრთხოების გამოწვევები არის ჯერადად მეტი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.