იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ნინო ლომჯარიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მედიასთან გამოეხმაურა. დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია.
„ლომჯარიამ და მთლიანად, რადიკალურმა ოპოზიციამაც ძალიან კარგად იციან, რომ უკიდურესად გაუჭირდებათ და თითქმის შეუძლებელია მათი მხრიდან საზოგადოების მოტყუება. მათ (რადიკალური ოპოზიცია) ძალიან კარგად ესმით, რომ საუკუნის აფერა, როდესაც რუსული, რუსულის ძახილით ერთი წლის წინ საზოგადოება მოატყუეს, დღეს არ გაუვათ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ნინო ლომჯარიას შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობოების შეკრებისას, იქ მყოფი ლომჯარია მაშველ რგოლს ითხოვდა და ამბობდა - „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.