ტერაქტამდე ორი კვირით ადრე აშშ-ის მთავრობამ რუსეთს ინფორმაცია მიაწოდა, რომ „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა The Washington Post-ი აღნიშნავს, გაფრთხილებაში მითითებული სიზუსტის მაღალი ხარისხი ხაზს უსვამს ვაშინგტონის მტკიცე რწმენას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ამზადებდა თავდასხმას.
აშშ-ის მიერ „კროკუს სითი ჰოლის“ პოტენციურ სამიზნედ გამოვლენა ახალ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიიღო რუსეთის ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ზომები იმ ადგილის დასაცავად, სადაც შეიარაღებულმა პირებმა 140-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.