დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა განმარტოს, როგორ დაუშვა საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.
„ისრაელმა უნდა განმარტოს, როგორ მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი და გადადგას სასწრაფო ზომები, რათა დაიცვას ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკები და ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ ოპერაციებს ღაზაში“, - აღნიშნა რიში სუნაკმა.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელის უნებლიე საჰაერო თავდასხმის შედეგად, ღაზაში უდანაშაულო ხალხი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.