საბერძნეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების მცდელობა ჩავარდა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მთავრობის გადაყენებას 141-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 159 იყო.
ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარკინიგზო კატასტროფის შესახებ, რომელსაც 57 ადამიანი ემსხვერპლა. კერძოდ, ერთი წლის წინ ათენიდან თესალონიკის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი ქალაქ ლარისას მახლობლად სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
სარკინიგზო კატასტროფას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელთა პიკზეც 65 000 ადამიანი პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის გადადგომას ითხოვდა.
პარლამენტში ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე დეპუტატებს მიცოტაკისმა მიმართა და ოპოზიციის მცდელობებს „მიუღებელი“ უწოდა. მისი განცხადებით, ოპოზიცია სარკინიგზო კატასტროფის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა.
„ოპოზიცია ცდილობდა, გლოვა პარტიულ დროშად ექციათ“, - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.