შალვა პაპუაშვილი: მოველი აშშ-ის საელჩოსგან, გააკეთოს განმარტება - მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს თუ ეს სანქციები ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ

შალვა პაპუაშვილი: მოველი აშშ-ის საელჩოსგან, გააკეთოს განმარტება - მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს თუ ეს სანქციები ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ

შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განმარტებებს ელის. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს ესაუბრა.

პაპუაშვილს აინტერესებს, მოეხსენება თუ არა მოსამართლეს სანქცია მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა.

„რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს ამერიკის საელჩოს სანქცია და გვახსოვს, რომ მაშინდელმა ელჩმა ისეთი რამეც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. კარგი, თავი დავანებოთ, რომ კანონის უზენაესობას პატივს არ სცემ, არ სცემ პატივს პარტნიორულ ურთიერთობებს, უბრალოდ ეტიკეტსაც კი არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი და მასპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს - რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. და იმის გამო, რომ ვიღაცას საელჩოში არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება და ვიღაცას სიმპათიები ჰქონდა ნიკა გვარამიას მიმართ, ეს მოსამართლე დაასანქცირეს, ჩახსნეს გარკვეული პროგრამებიდან, გახადეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი - ის და მისი ოჯახი. ვინმემ მოიკითხა როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა იმ დღეებში? ამიტომ, აქაც მოველი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან, გააკეთოს განმარტება - მოეხსნა თუ არა სანქცია ლაშა ჩხიკვაძეს თუ ეს სანქციები ასე უსამართლოდ უნდა გაგრძელდეს მის მიმართ.

და მეორე, რას ეფუძნებოდა მაშინდელი რეაქცია ყოფილი ელჩისა, რომელიც პირდაპირ თავს დაესხა მაშინ ქართულ მართლმსაჯულებას და პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობდა. და გახსოვთ, შეწყალების შემდეგ, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა უცხოელების კარნახით გააკეთა, პირველი რაც იყო, წითელი ხალიჩა დაუგეს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში წითელ ხალიჩაზე მიიღეს ნიკა გვარამია და შემდეგ სხვადასხვა პრეზენტაციაზე გვერდზე ესხდნენ და მათი საყვარელი ადამიანი გახდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.