შალვა პაპუაშვილი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ეს ცვლილებები იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული

შალვა პაპუაშვილი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: ეს ცვლილებები იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული

ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილების და კონსტიტუციური კანონის სახით, იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული. ის, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდეგ უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ აშკარაა და არის ძალიან მშვიდი განხილვა.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, არ მოხდეს ზედმეტი ემოციების შემოტანა ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, დისკუსია ძალიან კარგად და მშვიდად მიმდინარეობს. საზოგადოების მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ აშკარაა. არის ძალიან მშვიდი განხილვა. მათ შორის ოპოზიციის რეაქციაც, განსაკუთრებით მათი სიჩუმე გვაჩვენებს, რომ ამ საკითხის მიმართ რაიმე კრიტიკა არ აქვთ. ერთადერთი არის ის, რომ ვერ ბედავენ მხარდაჭერას, რადგან ჯერჯერობით ამ მხრივ აქვთ გარკვეული შიში და მორიდება საკუთარი დავალებების მიმცემების მიმართ. ამიტომ საკითხი არის საკმაოდ ცხადი: ცვლილებები, რომელიც წარმოდგენილია საკონსტიტუციო ცვლილების და კონსტიტუციური კანონის სახით, იქნება საყოველთაო სახალხო განხილვის საგანი და მთელი საზოგადოება იქნება ამაში ჩართული. ის, რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოება დაადგენს, არის ის წესი, რომელიც ამ ქვეყანაში შემდეგ უნდა დამტკიცდეს, როგორც კანონი.

ჩანს, რომ მსოფლიოში არის ტრენდი და ეს ტრენდი ნელ-ნელა საქართველოში ინაცვლებს. მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით დროულად ჩამოვყალიბდეთ, როგორია საზოგადოების პოზიცია, რა არის ჩარჩო, რომელშიც გვინდა, რომ არსებობდეს ჩვენი საზოგადოება და მისი სოციალური მოწყობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტშივე იყოს ამაზე რეაქცია. ვხედავთ, რომ არის ქვეყნები, სადაც იქამდეა მისული საქმე, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს უწევთ ამ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოსვლა. ლამის აბსურდამდე არის მისული ეს დისკუსიები, აღარ გავიმეორებ იმ ციტატებს და მაგალითებს, რომელიც არის. განხილვა, რომელიც დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ ადამიანები ხედავენ ამ რისკებს და სურთ, რომ ეს რისკები იყოს დაზღვეული. ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საკუთარ ხალხს და უზრუნველყოფს საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.