ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, საპროტესტო მოძრაობის შემოქმედნი და თანამონაწილეებიც

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, საპროტესტო მოძრაობის შემოქმედნი და თანამონაწილეებიც

საქართველოში ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუცია არის ძალიან მკაფიო ვალდებულებებით აღჭურვილი, რომ მისი საქმიანობა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იყოს სრულად გამჭვირვალე, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ აქეთკენ იყო მომართული - სრული გამჭვირვალობა, სრული ღიაობა, სრული ინფორმაციული წვდომა ნებისმიერ იმ ინფორმაციაზე, რაც შეიძლება ინფორმაციის სახით არსებობდეს. ამ ფონზე ჩვენ გვაქვს სახელმწიფოში საზოგადოებრივი ცხოვრების ეს სეგმენტი, რომელიც არის გაუმჭვირვალე, სადაც ინფორმაციის მოპოვება არის ძალიან ფრაგმენტული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესად დაინტერესების შემთხვევაში შეიძლება ფრაგმენტული ინფორმაციის მოპოვება. ამიტომ როდესაც გამჭვირვალობაზე გაქვს ძირითადი აქცენტი გადატანილი, კარგი იქნება, რომ შენი საქმიანობაც იყოს გამჭვირვალე.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, საპროტესტო მოძრაობის შემოქმედნი და თანამონაწილეებიც. პოლიტიკასა და პარტიულ საქმიანობაში უცხოური დაფინანსების არც პირდაპირი და არც ირიბი ჩართულობა არ შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიცია მესამე სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამ თემის გააქტიურებას პოლიტიკური მოტივით ხსნის. „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მიზნით იხარჯება დონერებისგან გადმორიცხული თანხა, რადგან მათი საქმიანობის შესახებ ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.