ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვას განაგრძობს. ცაჰალის სამხედროების სამიზნეში ღამით ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ელ ბალაქში, დაჯგუფების მთავარი პოსტები მოექცა. პარალელურად, გრძელდება ოპერაცია ქალაქ ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ცაჰალი 170 ტერორისტის განეიტრალებისა და „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ კავშირში მყოფი ასობით ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იუწყება.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან პირველ შეხვედრაზე მე ნათლად აღვნიშნე „ჰამასის“ დაშლისა და მძევლების სახლებში დაბრუნების მნიშვნელობა. ჩვენ ვიმოქმედებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ყველგან, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც ჯერ არ ვყოფილვართ, რათა ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავიანთი მისია დაასრულონ. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, შევაჩეროთ ომი ღაზაში, ვიდრე ყველა მძევალს საკუთარ სახლებში არ დავაბრუნებთ. თუ ჩვენ არ მივაღწევთ მკაფიო და აბსოლუტურ გამარჯვებას ღაზაში, ამან შეიძლება, დაგვაახლოოს ჩრდილოეთში ომთან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.