მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, მათგან 75-ი იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 182-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს, რომელმაც კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავების განკარგულება გასცა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.