კიევის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. არიან დაშავებულები

კიევის თავზე ორი რაკეტა ჩამოაგდეს. არიან დაშავებულები

კიევში საჰაერო განგაშია - უკრაინის დედაქალაქზე ოკუპანტის სარაკეტო იერიშის თავდაცვითი სისტემებით მოგერიებას ცდილობენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დააზუსტეს, რომ რუსეთმა დედაქალაქზე იერიში ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა, რომლებიც დროებით ანექსირებული ყირიმიდან გაუშვეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, განადგურებული რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქში 5 ადამიანი დაშავდა. 3 მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ორი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

მანამდე რუსეთის არმიამ უკრაინის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. ოკუპანტის სამიზნე ენერგო ობიექტები იყო. დაშავებულია 10 ადამიანი. თავდასხმის გამო ოდესას ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ მიკოლაევშიც. შეტევა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერია. დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. დაშავდა 11 ადამიანი.