რით დავიწყოთ? რას ვაკეთებთ?

რით დავიწყოთ? რას ვაკეთებთ?

როდესაც ღია წერილით მივმართე განათლების მინისტრს, სადაც ვსაუბრობდი ამ სფეროში არსებულ მწვავე პრობლემებზე, პასუხად მივიღე ის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბრეჟნევის ეპოქის “უძღებმა შვილებმა“ “შეშფოთებული თუ “აღშფოთებული“ 300 კაციანი დარაზმული შრომითი კოლექტივი დამახვედრეს. ამ ყველაფერს კი დირიჟორობდნენ ქმნილებები, რომელთაც თავისი რეპუტაციის გამო ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, დიდი ხანია სოროში შემძვრალები უნდა იყვნენ და თავის გამოყოფას ვერ ბედავდნენ. ასეა თუ ისე, ჩემთვის დღესავით გახდა ნათელი, რომ ამ პრობლემის მოგვარება, ისევე როგორც ჩვენს თავს დატეხილი მრავალი სხვა უსამართლობის, ცალკეული ადამიანების შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. კოაბიტაციურ რეჟიმში მყოფ ხელისუფლებას კი არანაირი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა წლების განმავლობაში ჩადენილი უსამართლობების არათუ აღმოსაფხვრელად, მათ შესაჩერებლადაც კი. დღესაც განათლების სფეროში უწინარესად ის ხალხი დომინირებს, ვინც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლების დაკვეთით მენტალურ რევოლუციას ანხორციელებდა, რის შედეგადაც მათ ასეულობით კვალიფიციური მეცნიერი ულუკმაპუროდ დატოვეს და ქუჩისთვის გაიმეტეს. მათი ადგილები კი დიდწილად ნაცნობ-მეგობრობით მოყვანილმა შემთხვევითმა ადამიანებმა დაიკავეს.

არადა ყველანი ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფართოდ ფესვგადგმულმა კადრების შერჩევის მანკიერმა წესმა ნეპოტიზმითა და ფავორიტიზმით უკვე შუა საუკუნეებში დაგვაბრუნა. ცხადია, ისინი ამდენს ვერ გაბედავდნენ, ჩვენ, რომ არ ვიყოთ გათითოკაცებულნი.

ასეთ შემთხვევაში, როდესაც შენი პროფესიული საქმიანობა, ყველა მცდელობის მიუხედავად, არ იძლევა შესაძლებლობას შეცვალო არსებული მანკიერი სისტემა, გრჩება ერთადერთი გამოსავალი - წახვიდე პოლიტიკაში.

გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა უაღრესად საჭირო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა. “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტად აირჩია კაცი მხარდამჭერების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით, რომელიც მან 1 წელიწადში დაკარგა. ამომრჩეველთა 54 პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე. ეს ის ხალხია, ვისაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან ასარჩევი არავინ ჰყავდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის უდიდეს ნაწილს ცვლილებები უნდა.

თუ ვთანხმდებით, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ყველა ნიშანი სახეზეა, მაშინ საქართველოს ამ სისტემურ კრიზისში ეროვნული პარტიულ–პოლიტიკური აღმშნებლობა უცილებლად სჭირდება! ამისათვის კი, როგორც ხელისუფლებისაგან ისე საზოგადოებისგან უნდა მოვითხოვოთ ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი იმ რეფორმების გატარება, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას.

ფაქტია, რომ თუ სახელმწიფო მართვაში აქტიურად არ ჩაებნენ ინტელექტუალები, მათ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად არ გადაინაწილეს ფუნქციები და შესაბამისად პასუხისმგებლობებიც, მეეჭვება რომ მყარი შედეგი ქვეყნისთვის მალე დადგეს.

ასეთ შემთხვევაში, ცხადია ისიც, რომ "პრიველეგირებულთა კასტა" იზრუნებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ, ვისაც ასეთი მოთხოვნები ექნებათ, ქვეყნის მართვის სადაავეებთან არ მიუშვან.

მაშინ რა მექანიზმებით, როგორ მივიდეს ასეთი ხალხი სახელმწიფოს მართვამდე, ისე რომ ამ პარტიულ-ბიუროკრატიულ მანქანის წნეხში არ გაიაროს, არ იყოს ვინმეზე დამოკიდებული, იყოს მხოლოდ უფლისა და ხალხის წინაშე ვალდებული და პირნათელი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ, თუ დავაარსებთ ისეთი ტიპის ეროვნულ პარტიას, რომელიც ხალხის ნებით იქნება შექმნილი, ხალხის მიერვე გაკონტროლებული და სრული ნდობით მხარდაჭერილი. მაგრამ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას? ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვენთაგანის თავში ხომ ერთი და იგივე აზრი ტრიალებს, რომ რაიმე კარგი საქმის დაწყებას და მითუმეტეს სისრულეში მოყვანას დიდი ფინანსები სჭირდება, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. არა და კარგ იდეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე!

მოდით, ჩვენც ის, რაც ხელისშემშლელი ფაქტორებია, სასიკეთოდ გამოვიყენოთ? თუნდაც ფინანსების არ ქონა, თუ ეს ხელისშემშლელია, ე.ი. ამავდროულად კარგიც არის, რადგან მთლიანად გვანთავისუფლებს ვინმეს წინაშე პასუხისმგებლობისაგან და საკუთარ თავზე დამოკიდებულს გვხდის. საზოგადოების მხრიდან შემოწირული თანხა კი მკაცრად გაკონტროლდება, ყოველი დანახარჯი: ოფისებისთვის დედაქალაქსა და რაიონებში მოსაწყობად, ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, საჭირო ლიტერატურისა და მასალის შეძენისათვის, იქნება ღია და გამჭვირვალე. არ მოხდება არავითარი ხელფასების გაცემა, პარტიის არც ერთ წევრზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას, თითოეული ჩვენგანისგან უფრო მეტის მიიღება სურს, ვიდრე თავად გვსურს მივიღოთ საქართველოსგან.

ხშირად ისმის კითხვა, ითავებს თუ არა ვინმე საქართველოში, ან რომელიმე სოციალური ჯგუფი ან თანამოაზრეთა კრებული ეროვნული პარტიის ტვირთის ზიდვას?! შეიძლება ასეთი პასუხი გაეცეს: ახლად შექმნილი პარტია, რა თქმა უნდა, იქნება ეროვნული მიმართულების, მაგრამ ეს არ იქნება არც მეოთხე და არც მეხუთე დასი. ხოლო იმისათვის, რომ მეხუთე კოლონამ არ მართოს იგი, პარტია უნდა დაკომპლექტდეს ახალი სახეებით, ეროვნულ ფასეულობებზე აქცენტირებული საზოგადოებისათვის უცნობი ღირსეული და ზნეობრივი ადამიანებით. მათი წინ წამოწევა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა, რაც ჟურნალისტებზე ბევრია დამოკიდებული, იქნება ახლადშექმნილი პარტიის უპირველესი ამოცანა...

როცა პარტიებს შორის კონკურენცია არა მხოლოდ ლიდერებს, არამდ მასში შემავალ ნაკლებად ცნობად სახეებს შორისაც იქნება, შავისა და თეთრის გარჩევა უფრო გაგვიადვილდება, რომ ხმა პიროვნებებს კი არა, იდეას უნდა მივცეთ. რაც მეტი ღირსეული და აქტიური პიროვნება გვეყოლება ქართულ პოლიტიკაში, ამით ქვეყანაც მოიგებს და პარტიაც,

ამდენად, პასუხიც გავეცით, თუ ვინ შეიძლება გახდეს ახლადშექმნილი პარტიის წევრი. ნებისმიერი ჩვენთაგანი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ერის შვილად მიაჩნია თავი, ეძვირფასება ყველაფერი, რაც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ. ახლად შექმნილი პარტიის უმთავრესი მიზანი იქნება არა ჩვენი საზოგადოების დაქსაქსვა და დაპირისპირება, არამედ ქართველი ერის კონსოლიდირება საერთო მიზნისთვის - ქვეყნისთვის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და მისი აღორძინება. ხოლო თუ ვინმეს ჩვენს შორის უპატიებელი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამაზე პასუხი მართლმსაჯულებამ უნდა გასცეს.

პარტია ღირსეული და კომპეტენტური პიროვნებების კრებული უნდა გახდეს, ვინაიდან მძაფრი კონკურენციის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სახის არჩევნებში, კანდიდატებს ხალხი ირჩევს და არა რომელიმე ლიდერი, სუსტ და შემთხვევით პირებს გაუჭირდებათ თავად პარტიის რიგებში ფეხის მოკიდება. დღევანდელი "პარტიული ელიტის" ამ ხალხით ჩანაცვლება კი ერის სასიცოცხლო ინტერესებში შედის...

დღევანდელ დღეს, როცა გლობალურ მასშტაბებს იძენს პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში, ცხადია, ყველა, ვინც ფეხს შეაბიჯებს პოლიტიკაში, უნდა დაემორჩილოს მსოფლიო თანამედროვე პოლიტიკის სტანდარტებს, რასაც ჰქვია პოლიტიკური წესრიგი. ამ წესრიგის თავში კი ძლიერნი ამა ქვეყნისანი არიან. ამდენად, ერთ პიროვნებაზეა დამოკიდებული, როგორც არაფერი, ისე ყველაფერიც, მითუმეტეს თუ ის ლიდერია.

ჩვენ ვნახეთ არაერთი გულანთებული პიროვნება, რომელთაც გულწრფელად სურდათ ეროვნული საქმეების კეთება, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულებს ამ მხრივ ბევრი ვერაფერი მოუხერხებიათ. ასეთ დროს, როცა არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ გავაკეთოთ ის, რაც ქართველ ერის სასიცოცხლო ინტერესებშია, პოლიტიკას კი არ უნდა გავემიჯნოთ, მიზნისკენ მიმავალი გზები უნდა შევცვალოთ.

თუნდაც ამიტომაც, პარტიას არ ეყოლება და არც არასოდეს დასჭირდება ბელადები და მესიები. პასუხისმგებლობა თვითეულ წევრზე გადანაწილდება. პარტიის თითოეულ წევრს ექნება მოტივაცია იყოს უკეთესი და არა ვინმეზე დამოკიდებული მსახური. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ მის ნიჭსა და მონდომებას შეაფასებს არა პარტიის ლიდერი, არამედ თავად ამომრჩეველი.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს, თავად, თუ როგორ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტიის დამოკიდებულება მის მიმართ? ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს პრაგმატული და არავითარ შემთხვევაში ამოჩემებული.

დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა - სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური დაცვის ეპოქაში, ფაქტობრივად, ფიქციად იქცა, როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ შევწიროთ ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას.

ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს რუსეთი არ განიხილავს, ის არაღიარებაზე საერთოდ არაფერს ამბობს. რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს. ამდენად, დღეს ჩვენი ხელისუფლების თავშეკავებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, მოვლენებს წინ რომ არ უსწრებს, შეიძლება გამართლებულადაც მივიჩნიოთ.

ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ერთია: მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი ძლიერი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ თუ ჩვენ დემოკრატიულ სამყაროს გვერდით ვიქნებით და აგრესორთან პირისპირ მარტო არ დავრჩებით. მაგრამ, ცხადია, თუ ამ ურთიერთობებს პარტნიორულ პრინციპებზე ავაგებთ და არა უმცროსი ძმის პოზიციებიდან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ დასავლეთის მიმართ, ქართველებს მადლიერებასთან ერთად მოკრძალებული საყვედურიც გვეთქმის, თუნდაც წლების განმავლობაში ჩვენი დემოკრატიის შეფასებაში იმ ორმაგი სტანდარტების გამო, რომლის გამართლება თვით ყველაზე თავგადაკლულ “მედასავლეთელსაც“ რომ უძნელდება.

დემოკრატიულ სამყაროს გვერდით ყოფნა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდენტური იყოს ევროკავშირის, ამერიკის, ან სხვა სახელმწიფოთა მოსაზრებებთან. თუ გვსურს საქართველო “თავისუფალ სამყაროში" ღირსეულ წევრად ვიხილოთ, მაშინ, როგორც პიროვნულ ისე ეროვნულ თავისუფლების ხარისხზეც უნდა ვიფიქროთ. სხვა შემთხვევაში ეს საშინელი მოჩვენებითი, ნახევრის - ნახევრული სიკვდილი, დიდი ხანია ჩვენი ხვედრი რომ გამხდარა, ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად დარჩება.

როდესაც თბილისში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივანი, ტერიტორიებდაკარგულ ქვეყნის შვილებს ლგბტ-ს პრობლებლემაზე, როგორც მთავარ თემაზე გვესაუბრება, ასეთ დროს ძნელია იამაყო შენი ქვეყნით.

თვით ქვეყნის დაქუცმაცებულობის დროსაც კი, მასში შემავალ სუბიექტებს, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროებს უფრო მეტი სუვერენიტეტი ჰქონდათ, ვიდრე ეს დღეს საქართველოს გააჩნია.

რადგან საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს დანარჩენ სამყაროზე უარის თქმას. არადა უკანასკნელ ათწლეულში ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა უწინარესად, როგორც ჩრდილოეთს, ისე -აღმოსავლურ სამყაროს.

დღეს მსოფლიოში უმძიმესი კრიზისის პირობებში, სოციალურ ნიადაგზე ხალხის უკმაყოფილებამ არაერთი ქვეყანა მოიცვა, მათ შორის ევროპის კონტინენტზე. გაიზიარებს თუ არა ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს? ამას დრო აჩვენებს. ასეთ პირობებში მემარცხენეობამ, ერთ დროს სანაგვეზე გადაყრილმა უკიდურესი რადიკალური მოძღვრებების ავტორებმა: მარქსმა, ლენინმა, მაოს შრომებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ასეთ გაურკვეველ დროში როგორ შეიძლება ვამაყობდეთ იმით, რომ ქვეყანას დასავლეთის გარდა ალტერნატივა არ გააჩნია? რუსეთის აგრესიისგან შეშფოთებულ და აღშფოთებულ, ზოგჯერ გაოგნებულ დასავლეთს, რეალურად საქართველოს არც ნატოში მიღება უნდა და არც ჩვენი რუსეთისკენ წასვლა სურს. ურჩევნია სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ. მოლოდინის სტრატეგია კი ჩვენი სტრატეგიული შეცდომაა. ამ ერთგვარ კორიდად ქცეულ სანახაობაში ტორეადორის ხელში წითელ ჩვრად ვიქეცით დროდადრო ხარის გასაცოფებლად რომ იყენებენ. დროა, როგორც დასავლეთმა, ისე რუსეთმაც იცოდეს, რომ ჩვენ არ გყავს არც მარადიული მეგობრები და არც მარადიული მტრები, რომ საქართველოს გააჩნია მხოლოდ მარადიული ინტერესები. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ალტერნატივა მხოლოდ რუსული კურსი როდია. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს, საბედნიეროდ, დემოკრატიული სამყარო, მხოლოდ დასავლური ცივილიზაციით არ შემოიფარგლება, თანამედროვეობა სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენს “ჩინური საოცრების” მიმართაც, რომელმაც შეძლო გაეძლო კრიზისებისთვის და ეკონომიკური ზრდის ტემპით თავად დასავლეთიც საგონებელში ჩაეგდო. დანარჩენი უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, როგორ ვიმოქმედებთ.

ფაქტია, რომ მარტო “გაუმარჯოს“ ძახილით შორს ვერ წავალთ. თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ერთიან ეკონომიკურ სივრცესა და გლობალურ გარემოში, ქვეყნის აქტიური ჩართვა ყოველი ჩვენგანისგან შესაბამის აზროვნებასა და მოქმედებას, სადღეისოდ მიღებული და საერთაშორისო პრაქტიკით დამკვიდრებული წესების ცოდნას მოითხოვს. საჭიროა, დღევანდელი მოწინავე ერების გამოცდილების შესწავლა და ჩვენი ეროვნული ფსიქიკის მოდიფიკაცია, ანუ საკუთარი ეროვნული ხასიათისა და საქმიანი ურთიერთობის სტილის ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რეალურად გავითვალისწინოთ მთელი ქვეყნის ადამიანური და ბუნებრივი რესურსული პოტენციალი, რათა წარმოვაჩინოთ ქართველთა მრავალსახოვანი და საოცრად რთული ხასიათის ღირსეული ნიშან-თვისებები და ამავდროულად შევძლოთ დავიცვათ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები.

დღემდე არსებული პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, თვისობრივად ახალი პარტიის შექმნის აუცილებლობას კიდევ ის გარემოებაც მკარნახობს, რომ პარტიულ–პოლიტიკური სისტემა საქართველოში ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება და მრავალ თავსატეხს გააჩენს.

ახლად შექმნილი პარტიისთვის გთავაზობთ სახელს, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი სურვილის მატარებელი იქნება - "საქართველოსთვის."

გთხოვთ, პარტიაში გაწევრიანებაზე თქვენი თანხმობა, გნებავთ საჯაროდ, ან პირადი გზავნილით დამიდასტუროდ. მზად ვარ თითოეული თქვენგანისგან მივიღო საჭირო რჩევები. დიდი თავყრილობისთვის კი ადგილსა და დროს ახლო მომავალში გაცნობებთ, სადაც კიდევ უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს. ლაპარაკის, აზრების გაცვლის გარდა, შეხვედრას ის პრაქტიკული შედეგიც ექნება, რომ პარტიის სამოქმედო კონკრეტულ გეგმებზე ერთად შევთანხმდებით.

ასე რომ, მთავარია დავიწყოთ, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს! როგორც ჩინელი ფილოსოფოსი გვეუბნება: “გზა მიზანია, მიზანი კი უკვე გზაა.“

საკონტაქტოდ ვტოვებ: ტელ.: 555392867 ელ ფოსტა: mchedo@yahoo.com

დავუკავშირდეთ ერთმანეთს!