Politico: რუსეთი მარცვლეულის გლობალურ ომს იგებს. ქვეყანამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი რეკორდულად გაზარდა

Politico: რუსეთი მარცვლეულის გლობალურ ომს იგებს. ქვეყანამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი რეკორდულად გაზარდა

Politico ევროპაში ფერმერების საპროტესტო აქციებსა და უკრაინული ხორბლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატიაში, სახელწოდებით „რუსეთი მარცვლეულის ომს იგებს“, წერია, რომ ამ კრიზისის უკან სინამდვილეში რუსეთი დგას, რომელიც პროცესში ახერხებს იმას, რომ უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების ურთიერთობას აზიანებს.

სტატიის ავტორის თქმით, რეალურად უკრაინას და მის უზარმაზარ სოფლის მეურნეობას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ ევროპელი ფერმერები საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან. სინამდვილეში საქმე რუსეთშია, რომელმაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი რეკორდულად გაზარდა - იმ დონემდე, რომ სხვა ქვეყნების ფერმერები დააზარალა.

„რუსეთი საკუთარი საკვების ექსპორტს, განსაკუთრებით ხორბლის ექსპორტს იყენებს როგორც რბილ ძალას“, - აღნიშნავს გლობალური საკვებისა და წყლის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი კეიტლინ ველში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში რუსეთმა კარგი ამინდის ფონზე უპრეცედენტო რაოდენობის ხორბლეული მოიყვანა და მსოფლიოს მასშტაბით ბაზრებზე იაფად გაყიდა. ამან მსოფლიოში ხორბალზე ფასები ომამდელ დონემდე დააგდო, რაც არამომგებიანია ფერმერებისთვის, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად პოლონეთი. თუმცა პოლონელებმა ამ ყველაფერში უკრაინელები დაადანაშაულეს და პრობლემას აღმოსავლელ მეზობელთან საზღვრის ბლოკირებით უპასუხეს.

„მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება უკრაინიდან იმპორტზეა მიპყრობილი, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აგრძელებს რუსეთის იაფი პროდუქციით სარგებლობას. ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი რუსული ხორბლეულის რეგულარული მყიდველები არიან. პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და აღმოსავლეთ ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოთხოვნით, ევროკომისია მზად არის კვლავ დააწესოს ტარიფები რუსეთიდან იმპორტზე, რაც ფაქტობრივად გააორმაგებს მათზე ფასს და შეამცირებს მოთხოვნას“, - აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ამ რთულ ეკონომიკურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის წილი დაბალია. სტატიის ავტორის აზრით, გამოსავალი იმაშია, რომ ევროკავშირი უკრაინას მისი პროდუქციის ექსპორტში უნდა დაეხმაროს და ამით რუსეთის გლობალური დომინაცია შეარყიოს.

სტატიაში ასევე კეთდება აქცენტი რუსეთისა და აფრიკის სავაჭრო ურთიერთობებზე. აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში მოსკოვმა აფრიკულ და აზიურ ქვეყნებს ასობით ტონა ხორბლეული უფასოდ გადასცა, რითაც იქაური ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა დაიმსახურა. სტატიაში აღნიშნულია, რომ გლობალური იზოლაციის პირობებში აფრიკული ქვეყნები რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.