რას ვირჩევთ?

რას ვირჩევთ?

დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა - სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური   დაცვის   ეპოქაში,   ფაქტობრივად,   ფიქციად  იქცა,  როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ  მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ ეწირებოდეს ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას. გამოსავალი ერთია:  მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი ძლიერი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ თუ ჩვენ  ურთიერთობებს დასავლეთთან და მსოფლიო თანამეგობრობასთან კიდევ უფრო გავაღრმავებთ, მაგრამ არა უმცროსი ძმის პოზიციებიდან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველებს, დასავლეთის მიმართ  მადლიერებასთან ერთად  მოკრძალებული საყვედურიც გვეთქმის, თუნდაც წლების განმავლობაში ჩვენი დემოკრატიის შეფასებაში იმ ორმაგი სტანდარტების გამო, რომლის გამართლება თვით ყველაზე თავგადაკლულ “მედასავლეთელსაც“ რომ უძნელდება.  ამასთან დაკავშირებით მახსენდება: ერთმა ქიზიყელმა გლეხმა თავის სათაყვანებელ “პატარა კახს,“ ერეკლეს რომ  შეჰბედა: “მეფეო, შენ  რომ  ორს  იტყვი, ერთი ჩემიც უნდა გაიგონოო!“

დემოკრატიულ სამყაროს გვერდით ყოფნა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდენტური იყოს ევროკავშირის, ამერიკის, ან სხვა სახელმწიფოთა მოსაზრებებთან. თუ  გვსურს საქართველო “თავისუფალ სამყაროში" ღირსეულ წევრად ვიხილოთ, მაშინ, როგორც პიროვნულ ისე ეროვნულ თავისუფლების ხარისხზეც  უნდა ვიფიქროთ. სხვა შემთხვევაში ეს საშინელი მოჩვენებითი, ნახევრის - ნახევრული სიკვდილი, დიდი ხანია ჩვენი ხვედრი რომ გამხდარა, ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად დარჩება.

როდესაც თბილისში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივანი ტერიტორიებდაკარგულ ქვეყნის შვილებს  ლგბტ-ს პრობლებლემაზე, როგორც მთავარ თემაზე  გვესაუბრება ასეთ დროს ძნელია იამაყო შენი ქვეყნით.

ხშირად ის, რის უფლებასაც აძლევენ  თავს თავისი გამონათქვამებით  უცხოელი პოლიტიკოსები, ამას თუნდაც განვითარებად, მაგრამ 21-ე საუკუნეში სუვერენულ ქვეყანას,  ვერ უნდა უბედავდნენ.

თვით ქვეყნის დაქუცმაცებულობის დროსაც კი, მასში შემავალ სუბიექტებს, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროებს უფრო მეტი სუვერენიტეტი ჰქონდათ, ვიდრე ეს დღეს  საქართველოს  გააჩნია.

რაც შეეხება ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების შეცვლის მოთხოვნას, ეს, როგორც უკვე ითქვა,  ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ტრადიციასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან. 

რამდენი რეზოლუცია ან რეკომენდაციაც უნდა მიიღოს ევროსტრუქტურებმა, მორწმუნეს ვერ დაავალდებულებ, „პატივი სცეს“ იმას, რასაც მისი მრწამსით ცოდვა ეწოდება. თუ ცოდვას პატივსაცემ მოვლენად ჩათვლით, იგი ცოდვა აღარ იქნება. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობთ, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ თავად უცოდველნი ვართ, მაგრამ სახელის დარქმევა ცოდვისთვის (და არა ცოდვილთან ანგარიშსწორება!) ჩვენი რწმენის საფუძველია.

ათი მცნება ყველა ქრისტიანისთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ რელიგიური პრაქტიკა სხვადასხვა გვაქვს. ცოდვის ცნების გამორეცხვა თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოში. იგი სულ უფრო მისაღები ხდება. მეტიც - ცოდვასა და ე.წ. „ნორმას“ შორის საზღვარი იშლება.

აი, რისკენ მიბაძვისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობრები!

ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვაღიარებთ თუ არა ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ და ბინძურ გამოვლინებებს „ნორმად,“ თუ ცოდვად ჩავთვლით?

ეს ყველაფერი კი ძალზედ სახიფათო ხდება, რადგან დღეს დემოკრატიის დამყარების და ხალხის დაცვის საბაბი ისე გაშარჟდა და გამარგინალდა, როგორც ერთ დროს დიადი საბჭოთა კავშირის მიერ დედამიწაზე სოციალისტურ-კომუნისტური სამოთხის დამყარების უტოპიური  იდეები.

ამაზე კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი თითოეული ჩვენგანი, რომელმაც დემოკრატიის სახელით ამდენი მსხვერპლი გავიღეთ, მხოლოდ გულდაწყვეტით თუ ილაპარაკებს.

ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორია ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. მასთან დამოკიდებულებაში საქართველოს უკვე აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. მიიღოს დასავლური ფასეულობები, რათა ევროპისგან მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი,  შესაძლოა  ეს  ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც  პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ჩვენი საერთო იდენტურობის შეგნებაში არსებითია არა სურვილები, არამედ ის, რომ ქართულსა და დასავლურ ცივილიზაციას მართლაც ბევრი რამ აქვს საერთო.  ორივე ანტიკური კულტურისა და ბიბლიის ფესვებზეა   აღმოცენებული. საქართველო, არა მარტო ქრისტიანული რწმენით, თავისი კულტურით, ევროპის თანამეგობრობის მსგავსად, ისტორიული ფაქტებით ემყარება ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის საერთო საფუძვლებს. ამდენად, ჩვენი ქვეყნის  სწრაფვა ევროსტრუქტურებისაკენ, ეს არის მცდელობა-საქართველო დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში.

ამიტომ, ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტელიტაში საუბარი იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, თუ როგორ “გადმოვნერგოთ“ ევროპული ფასეულობები ჩვენს ნიადაგზე, არამედ  ერთად უნდა ვიზრუნოთ ეს ფასეულობები, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ კულტურაში როგორ ვეძიოთ.

მაგრამ, ერთია რას ვფიქრობთ, ან რა გვსურს დასავლეთისგან  და მეორეა, რამდენად თანხვედრია ჩვენი ამჟამინდელი შეხედულებები თანადროულ დასავლურ ფასეულობებთან. ამ მხრივ კი შეიძლება   ითქვას,  რომ  დღესდღეობით   გარკვეულწილად  დროში  ვართ  აცდენილნი. როდესაც ევროპის ქვეყნები საკუთარი ნებით, თუ სხვისი კარნახით, მათი ტრადიციებისთვის უცხო კანონებს იღებენ, ამით   ევროპელები თავად შორდებიან ევროპულ ფასეულობებს.

რადგან ფასეულობებს ვეხებით, მისი დეფინიციაც გავიხსენოთ: კულტუროლოგიის დარგს, რომელიც კულტურის სფეროში ფასეულობას სწავლობს აქსიოლოგია ეწოდება. აქსიოლოგიაში ფასეულობანი აპრიორულია იმიტომ, რომ ფასეულობისათვის პრიორიტეტის მინიჭების კრიტერიუმი მყარია. ეს კრიტერიუმებია: ფასეულობათა დროში შემოწმებული მარადიულობა. მათი გაუფასურების მიზნით დეკოდირებამ არ შეიძლება ნორმალური ფსიქიკისა და მენტალობის მქონე ადამიანში გამოიწვიოს კმაყოფილების გრძნობა. ამიტომ არის, რომ ყველა დროში და ყველა ერში ეროვნულ კულტურას განსაკუთრებული მისია აკისრია. იგი აქცევს ხალხს ერად, ერს კი, მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალს, შეუძლია გამოავლინოს მთელი თავისი სულიერი მშვენიერება, რაც არა მარტო მისთვის, მთელი კაცობრიობისათვის არის საჭირო და აუცილებელიც! კულტურის ტრადიციული, ისტორიული ხასიათის ხელოვნური შეცვლის ცდა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მთელ ხალხს, მთელ ქვეყანას ეპიგონობისკენ უბიძგებს. ეპიგონური კულტურა კი ეროვნული ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ შეასრულებს განგებისგან დაკისრებულ მოვალეობას - ხალხი გარდაქმნას ერად!

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას, ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ამიტომ არის, რომ დღევანდელ დღეს,  საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც სამართალი არ არის ძლიერი, ხოლო ძალა სამართლიანი, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებისთვის ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და “მკვდარი მიმბაძველობა“ ხელოვნურად შექმნილი “მითიური სამყაროს“ მიმართ, გაცილებით სახიფათოა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობის საფრთხეს რეალურად აჩენს.

დიახ, ჩვენ კვლავაც მოსალოდნელი ცვლილებებით აღსავსე მომავლის წინაშე ვდგავართ. ამიტომაც არის, რომ უკვე არავის უკვირს, როცა წმინდა აკადემიური კულტუროლოგიური  თემები პოლიტიკური დისკუსიის საგანი ხდება ხოლმე. როგორც არაერთგზის აღნიშნულა თვით მეცნიერთა შორისაც დღეს კულტურა, მისი “დაუფლების“ პრეტენზიით თუ “შენარჩუნების“ წადილით ომია და ჩვენ ვიცით, რომ ბრძოლას თავს ვერავინ აარიდებს.

წავიდა ის დრო, როდესაც წლების განმავლობაში საქართველოში „ჯვაროსნული ლაშქრობა“ მენტალური რევოლუციის დამკვიდრებისათვის თავგამოდებით  რომ ხდებოდა. ხოლო იმის განსაზღვრისთვის, თუ რა მოგვცა შედეგად, შედარებისთვის, ვფიქრობ, ასეთი მაგალითიც გამოდგება:

მოგეხსენებათ, ნორმები ისეთი მყარი არ არის, როგორც ღირებულებები, მაგრამ მათი ზემოქმედების ძალა საზოგადოებაზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია.  ამაში კი ადვილად დავრწმუნდებით, მითუმეტეს, თუ მის შეცვლას მოვინდომებთ. სოციოლოგმა  არნოლდ გარფინკელმა ამის ჩვენება ერთი ექსპერიმენტის ჩატარებით გადაწყვიტა. მან სტუდენტებს სთხოვა, მშობლებისთვის ფამილარული მიმართვის მაგივრად ოფიციალურად მიემართათ. მისტერ, მის და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიმართვა სიყვარულის და პატივისცემის ხარისხს სრულებითაც არ აკნინებს, მშობლემისთვის ის სრულიად უცხო და მიუღებელი აღმოჩნდა. უფრო მეტიც აღშფოთებაც კი გამოიწვია.

ჩვენ კი ჩვენს შემთხვევაში ნორმაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ღირებულებებზე. მის განმარტებას  კი ტენდენციურობაში რომ არ ჩამომერთვას,  ქრეგ კალჰუნს, დონალდ ლაითს, სუზენ კელერს მივანდობ. აი რას წერენ ისინი:  “ღირებულებები ის მტკიცე და ურყევი კრიტერიუმებია, რომლებიც კარგისა და ცუდის, სასურველისა და არასასურველის, კეთილისა და ბოროტის გარჩევაში გვეხმარება.

ღირებულებები ის მუდმივი, ხშირად გაუცნობიერებელი და გამოუხატავი სტანდარტებია, საიდანაც გარკვეული ქმედებები, მიზნები, მოვლენები აღმოცენდებიან ხოლმე. ისინი, ჩნდებიან გარკვეულ სიტუაციაში და რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე. ღირებულებები ადამიანების მუდმივი თანამგზავრი ხდება”.

ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებისთვის “მენტალური რევოლუციით“ თავს მოხვეული ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და “მკვდარი მიმბაძველობა“ ხელოვნურად შექმნილი “მითიური სამყაროს“ მიმართ, საგანგაშო გახდა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობა საფრთხის წინაშე რეალურად დააყენა.

საზოგადოება, რომელიც თავისავე წარსულს ზურგს აქცევს, კულტურულ და ისტორიულ ამნეზიაში ვარდება და იდენტიფიკაციის უნარს ჰკარგავს, რამეთუ როგორც კოლექტივის, ასევე ცალკეული ინდივიდის იდენტობა მეხსიერებასთან არის დაკავშირებული. დიახ, ჩვენ კვლავაც დამოკიდებულნი ვრჩებით ისტორიაზე. მხოლოდ წარსულში   უკან  დაბრუნებით  არის  შესაძლებელი  უკეთ  გავიგოთ  საკუთარი  თავი.

ხოლო ის კულტურები და საზოგადოებები, რომლებიც საკუთარ წარსულს ზურგს აქცევს, კავშირს  წყვეტს  ღირებულებებთან.  ფასეულობები  ხომ   წარსულის  საჩუქარია.

თავის “ისტორიის ფილოსოფიაში“ ჰეგელმა გამაოგნებელი ისტორიული კანონზომიერება აღმოაჩინა, მისი აზრით: “ცივილიზაციების ნგრევას და გადაშენებას მათივე ძირითადი პრინციპების ავადმყოფური ინტენსიფიკაცია იწვევს“. ეს თვალსაზრისი შემდგომ სხვა  მკვლევარებმაც  გაიზიარეს.

ცნობილია, რომ ყოველ ცივილიზაციას წინ უსწრებდა სხვა ცივივილიზაციები. ცნობილმა ინგლისელმა ისტორიკოსმა არნოლდ ტოინბმა 21 შემთხვევა გამოიკვლია, როდესაც ასპარეზზე მოსული ახალი ცივილიზაცია გაცილებით ნაკლებად განვითარებული იყო, ვიდრე წინამორბედი და თავისი კულტურითა და განვითარების დონით კოჭებამდიც კი ვერ სწვდებოდნენ მათ ვის ადგილსაც იკავებდნენ. ა. ტოინბმა დაასკვნა, რომ თითოეული ცივილიზაციის შიგნით თავს იჩენდნენ და თანდათან ძლიერდებოდნენ თვითგანადგურებისაკენ მიმართული იდუმალი ძალები. და ეს საკმარისი გახლდათ, რომ მისი დაცვა შეუძლებელი გამხდარიყო.

გავიხსენოთ გამოჩენილი ფილოლოგი, იურისტი, ნუმიზმატი, ეპიგრაფისტი, თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე და პირველ რიგში, უდიდესი ისტორიკოსი, თეოდორ მომზენი, რომელსაც  გამოკვლეული აქვს რომის ისტორიის თითქმის ყველა საკითხი. გენიალურ გერმანელ მეცნიერს, მხატვრული ნაწარმოები რომ არასოდეს დაუწერია, ნობელის კომიტეტმა 1902 წელს პრემია მხატვრული ღირსებებისათვის მიანიჭა მის მონუმენტურ ნაშრომს `რომის ისტორიას”. მომზენის ამ ფუნდამენტალური გამოკვლევის დასკვნა დღეს, როგორც გაფრთხილება ისე  ჟღერს: “რომი გარყვნილებამ დააქცია!“

ამ მხრივ რომი არ იყო, არც პირველი და უკანასკნელი, ყველა ცივილიზაცია, რომელმაც ზურგი შეაქცია საკუთარ წარსულს და გარყვნილების ჭაობში ჩაეფლო,  უბრალოდ გაქრა.

როგორც  ჩანს  საქმე  ისტორიულ  კანონზომიერებასთან   გვაქვს.

ამიტომ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, თავადვე არ ვიქცეთ ჩვენივე ცივილიზაციის მესაფლავეებად, რათა ქართული კულტურის, ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ ქართველი  ერის უმეტეს  შვილთა  უმთავრეს  საზრუნავად  იქცეს’’?

მაგრამ, სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდეთ, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან  უწინარესად მკაფიოდ და გარკვევით უნდა ითქვას სათქმელი: ვემიჯნებით იმ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას, რაც წლების განმავლობაში იყო დღემდე,  თუ  ინერციით  მას  კვლავაც  ვაგრძელებთ?

ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა ცალკეული დამნაშავეების.

 

thrgg@yahoo.com იქნებ რომელიმე ჭკვიანმა მიაქციოს ამ სტატიას ყურადღება?!
2 თვის უკან