აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
"ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელის კამპანიის მხარდაჭერას, რათა 7 ოქტომბრის თავდასხმები აღარ განმეორდეს. ჩვენ სამხედრო დახმარება გავუწიეთ ისრაელს, რადგან ეს შეესაბამება ამ მიზანს", - აღნიშნა მეთიუ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მეთიუ მილერის თქმით, "ჰამასის" ხელმძღვანელობა, რომელმაც დაგეგმა და მოაწყო 7 ოქტომბრის თავდასხმა, განაგრძობს ღაზის შიგნით ყოფნას" და "ისინი კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ ისრაელის შიგნით უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის".
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის ლეგიტიმურ სამხედრო კამპანიას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერას", - დასძინა მან.