შემოსავლების სამსახური: საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით

შემოსავლების სამსახური: საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის, დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების - რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს,  შემდეგს:

კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით.

ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.