დავით მათიკაშვილი: ჩინეთი ორმხრივად ასრულებს სტრატეგიული პარტნიორის საპასუხისმგებლო ვალდებულებებს და სავიზო რეჟიმს აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ არ ხდება იგივე აშშ-თან

დავით მათიკაშვილი: ჩინეთი ორმხრივად ასრულებს სტრატეგიული პარტნიორის საპასუხისმგებლო ვალდებულებებს და სავიზო რეჟიმს აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რატომ არ ხდება იგივე აშშ-თან

ჩინეთი არის გოლიათი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. მასთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ ისწრაფვის უამრავი ქვეყანა და ბევრს არ აქვს ეს პრიორიტეტი, რომელსაც შარშან საქართველომ მიაღწია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე აუწყა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთის რესპუბლიკა არის ქვეყანა, რომელმაც დააწესა უვიზო მიმოსვლა ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მნიშვნელოვანი მესიჯია და ხელშესახები შედეგის მქონე გადაწყვეტილებაა, რომელიც აუცილებლად აისახება ქვეყნის, როგორც ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზე, ასევე, კულტურული და პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ჩინეთი არის გოლიათი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. მასთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ ისწრაფვის უამრავი ქვეყანა და ბევრს არ აქვს ეს პრიორიტეტი, რომელსაც შარშან საქართველომ მიაღწია. ახლა ჩინეთი ორმხრივად ასრულებს სტრატეგიული პარტნიორის ამ საპასუხისმგებლო ვალდებულებებს და ის სავიზო რეჟიმს აუქმებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი და მესიჯი ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების იმ რომლისთვის, რაც მათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომ ქვეყნის განვითარებაში შეასრულეს. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩვენს ხალხს აინტერესებს, თუ რატომ არ ხდება იგივე აშშ-თან, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება. რატომ არ ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების დაწესება და თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის დაწესება. ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩინეთის მსგავსად იყოს მეტად ღრმა პარტნიორული ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.