ნავალნის დედა პუტინს: ნება მომეცით ვნახო ჩემი შვილი - მოვითხოვ, რომ ალექსეის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ, რათა მისი ღირსეულად დასაფლავება შევძლო

ნავალნის დედა პუტინს: ნება მომეცით ვნახო ჩემი შვილი - მოვითხოვ, რომ ალექსეის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ, რათა მისი ღირსეულად დასაფლავება შევძლო

ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, ვლადიმირ პუტინისგან მისი შვილის ცხედრის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

"უკვე მეხუთე დღეა მისი ცხედრის ნახვას ვერ ვახერხებ. ცხედარს არ მატანენ, არ მეუბნებიან, სად აქვთ ის დასვენებული", - ამბობს ლუდმილა ნავალნაია ვიდეომიმართვაში.

"ვლადიმირ პუტინს მივმართავ. ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ნება მომეცით ვნახო ჩემი შვილი. მოვითხოვ, რომ ალექსეის ცხედარი სასწრაფოდ დამიბრუნონ, რათა მისი ღირსეულად დასაფლავება შევძლო", - დასძინა მან.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.