არჩევნების შედეგები: გაუმარჯოს ბიძინა უპირველესის სახალხო მონარქიას!

არჩევნების შედეგები: გაუმარჯოს ბიძინა უპირველესის სახალხო მონარქიას!

მარად ბრძენმა ქართველმა ხალხმა ბიძინას გასაოცარ რჩევას დაუჯერა და პირველ–მეორეზე სწორედ გაითვალა. კოაბიტაციაც დასრულდა და შუაც გაიკრიფა: ყველაფერი შესანიშნავადაა. ქოცთა და ნაცთა გამოკლებით ყველა სხვა ე.წ. პოლიტიკოსი თუ ე.წ. პარტია დისკვალიფიცირებულ– მიჯირყნულია!

კოაბიტაციისგან ნაშობი სტაბილური, შუა გაკრეფილი, დავარცხნილ–დალაგებული ორპარტიული სისტემა მივიღეთ!

თუმცა, ბურჯანაძესაც ერგო მილიონი, მთლად არ გასწირეს და უსუფაშვილთან მისმა რამდენიმე ზარმა შედეგი გამოიღო. ბურჯანაძე და მისი პარტია შუა გაკრეფილზე მილიონად დაითესება. რა აღმოცენდება აქედან – ვერაფერს გეტყვით, გარდა ერთისა: რასაც დასთეს, იმას მოიმკი!

ქართული დემოკრატიის მთავარი ამოცანა, იგივე უსუფაშვილის მიერ ფორმულირებული, მიღწეულია: გიხაროდენ – ნაციონალური მოძრაობა ჩოყლაყითურთ გადარჩენილია!

ჭეშმარიტად ბრძანა დიდმა შოთამ და დღეს მისი უკვდავი აფორიზმი ასე უნდა გავიგოთ: „ვარდთა და ნეხვთა ვითანგან მზე სწორედ მოეფინების, ქოცთა და ნაცთა არჩევა შენცა ნუ მოგეწყინების!“ დღეს მარად ბრძენი ქართველი ერის არჩევა–გარჩევით “ვარდი” - ქოცია და ნაცი კი – „ნეხვი“. თუმცა, ორპარტიულ სისტემაში ხვალ შეიძლება პირიქითაც იყოს! შენ დაუკა ქოც–ნაცური!

რაც მთავარია: ბიძინამ ახალი პრეზიდენტი გააიმასქნა და ახლა ახალ პრემიერსაც გააიმასქნის.

მოკლედ, უპრეცენდენტოდ ლეგიტიმური არჩევნები შედგა! საკითხავი, აი, ეს არის: შედგა თუ არა ქართული სახელმწიფო? დიახაც, შედგა! მაგრამ რა პოლიტიკური წყობა გვაქვს დღეს?

კონსტიტუციით ჩვენი წყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა. სინამდვილეში კი ეს მონარქიაა. მონარქია, თანაც - აბსოლუტური და, ამავდროულად, სახალხოც – სრულიად ლეგიტიმური. ისეთივე ლეგიტიმური, როგორც ეს დღევანდელი, ჯერ არ ნახული და არ გაგონილი არჩევნებია!

სახალხო მონარქია ლეგიტიმიზებულია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მხოლოდ ბიძინამისისა სჯერა!

მაშ რაღა დაგვრჩენია? სახალხო მონარქია ფორმალურადაც უნდა დავაკანონოთ!

მე თქვენ გეკითხებით მარად ბრძენო ქართველო ხალხო: განა არ დადგა დრო საქართველოს უგვირგვინო მეფეს ბარემ გვირგვინიც დავადგათ? გვირგვინის გამოსაჭედ ფულს კი, თუ ვთხოვთ, გვაჩუქებს! ალალი კაცია!

პირადად მე კონსტიტუციური და სახალხო მონარქიის მომხრე ვარ. ბიძინა უპირველესი ხალხისგან გამორჩეულ მეფედ დავისვათ, მაგრამ კონსტიტუციით შევზღუდოდ მისი ძალაუფლება.

 ეგ არაფერი, რომ ხალხს ხელმწიფე უნდა და კონსტიტუცია არა. თუ ბიძინა უპირველესი ინებებს და იტყვის, მის კონსტიტუციასაც მიიღებს ხალხი! აბა რა!

აი, სახელდახელოდ გამოცხობილი კონსტიტუციის სავარუდო პროექტიც:

მუხლი 1. (პრეამბულა)

სცანით ყოველმან ეს კონსტიტუციური ჭეშმარიტება: არა არს ღმერთი ღმერთის გარდა და ხელმწიფე საქართველოსი ბიძინა უპირველესის გარდა!

მუხლი 2. ხელმწიფის სრული და მცირე ტიტულატურა

მეფე ბიძინას სრული ტიტულატურაა: „მისი უდიდებულესობა, ხელმწიფე სრულიად საქართველოსი ბიძინა უპირველესი, მდევნელი ჩოყლაყისა და მიმჭირხნავი მტერთა ყოველთა, მაცხონე მეოცნებეთა და მეოხი ყოველთა გაჭირებულთა, ღვთის შეწევნით მილიარდერი!“ მცირე ტიტულატურაა: „უბრალოდ („პროსტომც“) ბიძინა!“

მუხლი 3. ხელმწიფის ადგილსამყოფელი. სამეფო სიმბოლოები

მეფე ბიძინა უპირველესის რეზიდენციაა მისი უდიდებულესობის ბრწყინვალე სასახლე დედაქალაქის თავზე ამაყად მდგარი. მისი უდიდებულესობის სამეფო სიმბოლოებს: გვირგვინს, კვერთხსა და სკიპტრას, სამეფო დროშასა და შტანდარტს ადგენს ორგანული კანონი.

მუხლი 4. ქვეშემრდომები. მათი უფლება–მოვალეობანი

სამეფოს ქვეშემრდომია დაბადებით ქართველი, აგრეთვე ის უცხოელი, რომელიც ამ კონსტიტუციაზე საზეიმო დაფიცებით აღიარებს ბიძინა უპირველესის უზენაესობას. ქვეშემრდომებს, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რწმენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ქოცური თუ ნაცური პოლიტიკური შეხედულებებისა, სოციალური წარმოშობისა აქვთ ერთგულად მსახურების უფლება და მოვალეობა. ქვეშემრდომთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებს ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში აწესებს მისი უდიდებულესობა.

მუხლი 5. ლაპარაკისა და ყბედობის თავისუფლება

ყველას, მათ შორის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს აქვთ არგუმენტირებულად ლაპარაკის და უარგუმენტოდ ყბედობის თავისუფლება: დაე, ილაპარაკონ და თუნდაც იყბედონ, სანამ არ მოსწყინდებათ! მოლაპარაკეთა თუ ყბედთა ე.წ. არგუმენტებს, პირდაპირ ეთერში პირუთვნელ სამსჯავროზე წონის და ახარისხებს მისი უდიდებულესობა.

მუხლი 6. ექსპერტნი და ჟურნალისტნი დიდებულნი. ნაზირ–ვაზირნი ნაირ–ნაირნი

პირდაპირ ეთერში ექსპერტებსა და ჟურნალისტებს იწვევს და მათ ჭეშმარიტ სტატუსს ადგენს მისი უდიდებულესობა. სიტყვის თავისუფლება აქვთ და მის უდიდებულესობასთან პირდაპირი ეთერის მიღმა სიტყვა ეთქმით ხელმწიფის რჩეულ ნაზირ–ვეზირთ. ნაზირ ვეზირთა შემადგენლობა („სასტავი“) მისი უდიდებულესობის მიერ შეირჩევა. დასაშვებია არა უმეტეს ხუთი ექსპერტის –ვაზირის და არა უმტეს ხუთი ჟურნალისტის – ნაზირის შერჩევა. ნაზირ–ვეზირებად კურთხევის წესს ადგენს გია ხუხაშვილი შალვა რამიშვილთან შეთანხმებით ან მის გარეშე და პირდაპირ ეთერში ამტკიცებს მისი უდიდებულესობა.

მუხლი 7. პარლამენტი (სალაყბო)

სამეფოს საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის პარლამენტს, რომელიც შედგება ორი ფრაქცია–პალატისაგან. უმრავლესობის პალატას ეწოდება „ქოცნი“, უმცირესობისას – „ნაცნი“, ან პირიქით, როგორც მის უდიდებულესობას, აგერთვე ნატოსა და ევროკავშირს გაეხარდება. ქოცებსა და ნაცებს ნიშნავს ბიძინა უპირველესი, რის შედეგადაც კანონით დადგენილი წესით მათ ირჩევენ ქვეშემრდომნი. ვინც არ აირჩევს, მისაჯირყვნია!

მუხლი 8. კონსტიტუციისა და კანონთა მიღების წესი

კონსტიტუციასა და კანონებს პარლამენტი იღებს მისი უდიდებულესობის ბრძნული რჩევების შესაბამისად. თუ არ მიიღებს, მისაჯირყვნია!

მუხლი 9. მთავრობა

სამეფოს აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, რომელსაც ნიშნავს მისი უდიდებულესობა, რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესით მთავრობას ამტკიცებს პარლამენტი. არ დაამტკიცებს და მისაჯირყვნია!

მუხლი 10. მთავრობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი

მთავრობას აქვს ფშუტის კეთების (ფშუტმახერობის) უფლება და მოვალეობა. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს გინდა ბიწით, გინდ უბიწოდ მაგრამ უბიძინოდ, რამეს იქმოდეს. ვინც ამ წესს არა მორჩილებს, მისაჯირყვნია!

მუხლი 11. პლასტელინა (პრეზიდენტი)

სახელმწიფოში მისი უდიდებულესობის უმაღლესი წარმომადგენელია პლასტელინა (პრეზიდენტი), რომელსაც არა აქვს არავითარი, არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება. პლასტელინას (პრეზიდენტს) ნიშნავს მისი უდიდებულესობა, რის შემდეგაც კანონით დადგენილი წესით მას პრეზიდენტად ირჩევს ქვეშემრდომთა უმრავლესობა. არჩევნებში ნომერ მეორე კანდიდატს პრაიმერიზის მეშვეობით წარადგენს ჩოყლაყი. პირველ–მეორეზე გათვლა–არჩევნებში მონაწილე ქვეშემრდომი, რომელიც სწორედ ვერ გაითვლის, მისაჯირყვნია!

მუხლი 12. ტერიტორიული მოწყობა და ადმინისტრაციული დაყოფა. პატარა ბიძინები

სამეფო შედგება ჩრდილოეთისგან დაპყრობილი და დანარჩენი, დასავლეთისკენ მზერა მიპყრობილი ტერიტორიებისაგან. დასავლეთისაკენ მზერა მიპყრობილი ტერიტორიები იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად – საშერგელოებად, რომელთა საზღვრებს, ხოშიანად (როგორც ხოში აქვს) ადგენს მინისტრის მოადგილე შერგელაშვილი. ამ მიზნით შერგელაშვილი შეიმუშავებს კოდექსის პროექტს, წააკითხებს მას მრჩეველ მელაშვილს და მოუყვება მის უდიდებულესობას. მისი უდიდებულესობა ბრძნულად ურჩევს პარლამენტს შერგელაშვილის კოდექსის დამტკიცებას. საშერგებლოებში ხელისუფლებას ახორციელებენ პატარა ბიძინები, რომელსაც მელაშვილი გამოარჩევს შერგელაშვილთან შეთანხმებით, მისი უდიდებულესობა აკურთხებს და კოდექსით დადგენილი წესით ხალხი აირჩევს. ყოველი პატარა ბიძინა დიდი ბიძინას ცოცხალი ხატი და აჩრდილია თითოეულ საშერგელოში.

მუხლი 13. საჯარო სამსახური. პროტექციონერები

საჯარო სამსახური მის უდიდებულესობას ეკუთვნის. სამსახურში მიიღება ქვეშემრდომი, თუ მას აქვს პროტექცია კონკურსში უპირობო გამარჯვებისათვის. პროტექციის გამცემ პირთა – პროტექციონერთა ვინაობას და იმ საჯარო თანამდებობათა ნომენკლატურას, რომელზედაც პროტექციონერები პროტექციას გასცემენ, მისი უდიდებულესობა ადგენს. პროტექციონერი შეიძლება იყოს: მისი უდიდებულესობის სისხლით ნათესავი, ნაზირი, ვეზირი, მთავრობის წევრი, დიდებულ ქოცთაგანი, საჭირო ნაცთაგანი, შიგადაშიგ – რომელიმე პატარა ბიძინა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, ვისაც მის უდიდებულესობასთან სიტყვა ეთქმის.

მუხლი 14. კოაბიტაციური მართლმსაჯულება

სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის კუბლაშვილის სასამართლოს, რომელიც კოაბიტაციურ მართლმსაჯულებას აღასრულებს პროკურატურასთან თანამშრომლობით ან მის გარეშეც. კოაბიტაციური მართლმსაჯულება ნებაყოფლობითი სექსივით არის: ორივე მხარე – ბრალმდებელიცა და ბრალდებულიც ყოველთვის კმაყოფილია! კოაბიტაციური მართლმსაჯულების აღსრულების და სამართლიანობის აღდგენის წესი ნაცთა წარდგინებით მისი უდიდებულესობის მიერ მტკიცდება ფარულად, ნატოსა და ევროკავშირის გამჭვირვალე მონაწილეობით.

მუხლი 15. პოლიტიკური პარტიები

პარტიების შექმნა თავისუფალია. კვალიფიცირებულ პარტიებს წარმოადგენენ ქოცნი და ნაცნი. სხვა კვალიფიციურ პარტიას ადგენს მისი უდიდებულესობა, პარლამენტის თავმჯდომარის (უსუფაშვილის) წარდგინებით. პარლამენტის თავმჯდომარე წარდგინებას აკეთებს (მაგრამ ხელს არ აწერს) არჩევნებში მონაწილე საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტთან სატელეფონო კონსულტაციების საფუძველზე. ქოცთა და ნაცთა თანხმობის გარეშე პარლამენტის მანდატის მოპოვება დაიშვება მხოლოდ მისი უდიდებულესობის უზენაესი ნებით. ყველა პარტია მის უდიდებულესობას ეკუთვნის და ერთგულად ემსახურება. ვინც არა – ცანცარა და მისაჯირყვნია!

მუხლი16. ასონი (არასამთავრობო ორგანიზაციები)

ასოთა (არასამთავრობო ორგანიზაციათა) შექმნა თავისუფალია. ყველა ასო მის უდიდებულესობას ეკუთვნის და მასავე ემსახურება. მისი უდიდებულესობა ზრუნავს, რომ ყველა ასო, დიდი თუ მცირე, ფეხზე დააყენოს და განავითაროს. ასო, რომელიც მიუხედავად მისი უდიდებულესობის ზრუნვისა, ფეხზე ვერ დადგება და ვერ განვითარდება – მისაჯირყვნია, მეტიც: მოსაკვეთია!

მუხლი 17. საგარეო დეზორიენტაცია

სამეფოს მუდმივად აქვს დასავლური საგარეო–პოლიტიკური დეზ–ორიენტაცია. მაგრამ გაგებით მოვეკიდოთ,რომ რუსეთიც ჩვენი მეგობარია და თათარიც ჩვენი ძმა არის.

მუხლი 18. ფული და საჯარო სახსრები. უპირველესის ქველმოქმედება

სამეფოს არა აქვს და არცა სჭირდება ბიუჯეტი და ფული, არცა სხვა საჯარო სახსარი. სამაგიეროდ: მის უდიდებულესობას აქვს მილიარდები, რომელთა 90%–ს იგი ქველმოქმედების სახით ქვეშემდრომების ჭამა–სმას, ჩაცმა–დახურვასა და განსაკუთრებით კი – დასეტყვილი სოფლის მეურნეობის აღორძინებას მოახმარს.

მუხლი 19. ბიზნესი და მაყუთის შოვნა (კეთება)

ბიზნესი თავისუფალია, თუ ამას მისი უდიდებულესობა დაუშვებს და საპარტნიორო ფონდში, ასევე მისი უდიდებულესობის სხვა ფონდებში, ბიზნესმენი გაწევრიანდება თავისივე ნებით. ვინც არ გაწევრიანდება, მისაჯირყვნია! მაყუთი კეთდება (იშოვება), მაგრამ მხოლოდ ლომის უკანალში. ლომის უკანალიდან მაყუთის გამოღების ტექნოლოგიას პირდაპირ ეთერში შეასწავლის მისი უდიდებულესობა.

მუხლი 20. სმა–ჭამა დიდად შესარგი

მისი უდიდებულესობა ზრუნავს, რომ ყველა ქვეშემრდომი, ქოციცა და ნაციც, სხვა პარტიელიცა და უპარტიოც, ასოცა და ასოსგარეშეც, კარგად გამოაძღოს. „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს, ალვა რგულია, უხვსა მორჩილებს ყოველი,იგიცა, ვინ ორგულია, სმა–ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია, ბიძო დააძღებს ყოველსა და ხალხიც მხიარულია!“

მუხლი 21. კულტურა

მისი უდიდებულესობა ზრუნავს, რომ ყველა ქვეშემდრომს დიდად შესარგი ჭამა–სმის შემდგომ, განსაკუთრებით – წინა საარჩევნო პერიოდში, ჰქონდეს ბერას კონცერტზე კულტურული დასვენების უფლება, სურვილი და შესაძლებლობა.

მუხლი 22. (დასკვნითი დებულება)

მისი უდიდებულესობა ზუნავს, რომ ვინც ამ კონსტიტუციას არ დაეთანხმება, პირდაპირ ეთერში, საჯაროდა და სამაგალითოდ მიჯირყვნოს. ასევე მიჯირყვნას იმსახურებს ყოველი, რომელმაც განიზრახოს ამ კონსტიტუციის შეცვლა.

*****

დარწმუნებული ვარ, მარად ბრძენი ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს სწორედ ასეთ კონსტიტუციას, თუ ცხადია, ბიძინას (მისი მუხლების ჭირიმე!) ნებაც იქნება.

მივიღოთ რა, ეს კონსტიტუცია! გეაჯებით უმორჩილესად! ჩვენც დავისვენებთ და ეგენიც. არც ისინი იტყვიან უარს. გაგებით მოეკიდეთ. ვისაც გსურთ, ჩამეკითხეთ.