Soft Machine - ფსიქოდელიური ჯაზ-როკის საფუძველი

Soft Machine - ფსიქოდელიური ჯაზ-როკის საფუძველი

კენტერბერის სცენის იდუმალების ეპიცენტრი ჯგუფი Soft Machine გახლავთ. The Wilde Flowers 1966 წელს დაიშალა და ექსტრავაგანტულმა ავსტრალიელმა კომპოზიტორმა მომღერალმა და გიტარისტმა დევიდ ალენმა ბას გიტარისტ და მომღერალ კევინ აიერსთან ერთად, Soft Machine-ს შექმნა გადაწყვიტა.

გარკვეული გეზი ალენსა და აიერსს არ ჰქონიათ, შედეგი გზად დახვდებოდათ, იქამდე კი იდეები ახლად მოწვეულ მუსიკოსებსაც უნდა დაედოთ და საბოლოოდ ისეთი რამ გამოსულიყო, რაც ბრიტანული სცენისათვის აბსოლუტურად უცხო იქნებოდა ვირტუოზული დაკვრისა და უძირო ფსიქოდელიის ფონზე.

ამ შემთხვევაში მელოდიურობა თითქოს უკანა პლანზე უნდა გადასულიყო, რაც იქცა კიდევაც იმის მიზეზად, რომ Soft Machine არასოდეს მოხვედრილა ჩარტებში, მაგრამ მისი მსგავსი გავლენიანობით თითო-ოროლა ბრიტანული ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენელი თუ დაიკვეხნის.

წარსულში The Yardbirds-ის პროდიუსერი გომელსკი, Pink Floyd-თან ერთად Soft Machine-ის ახალგაზრდა გადარეული მუსიკოსების მართვასაც შეუდგა. ამ მუსიკოსების სახელები კი სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაეწერა ღრმააზროვანი როკის წარმომადგენელთა შორის. არსებობის 13-14 წლის მანძილზე კოლექტივმა მუსიკოსების განუწყვეტელ ცვლასთან ერთად, საოცარი სტილისტური მეტამორფოზა განიცადა მათსავე დაარსებული ფსიქოდელიური ჯაზ როკიდან, Mahavishnu Orchestra-ს ყაიდის ჯაზ როკ ფიუჟენამდე.

ალენი და აიერსი თავიანთი სადა სიგიჟის გამო დიდხანს კოლექტივში ვერ გაძლებდნენ, რადგან მათივე მოწვეული კენტერბერელი მუსიკოსები მათთან შედარებით დაკვრის დიდოსტატები იყვნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ინსტრუმენტულ მხარეს აქცევდნენ.

მუსიკოსების ჩანაცვლება თანდათანობით ხდებოდა და 1968 წლის პირველივე სტუდიურ ალბომში ზოგიერთ კომპოზიციაში ჯგუფის მომავალ „ვარსკვლავს“ - ჰიუ ჰოპერს ვხედავთ ბას გიტარაზე. დრამ სექცია აბსოლუტურად თვითმყოფადი რობერტ ვაიატის ხელში აღმოჩნდა, რომელიც იმავდროულად მღეროდა კიდეც, კოლექტივის ლიდერად კი კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელი მაიკ რეტლიჯი იქცა, რომელმაც ჩიკაგოელი ელექტრიკოსის ფრედერიკ ლაურეის ორგანს განუმეორებელი კენტერბერული ჟღერადობა მიანიჭა.

მჭაქე, უხეში და აუცილებელად მკვეთრ ფერებში გამოხატული ბგერა განსაკუთრებულ ეფექტს 15-20 წუთიან ფსიქოდელიურ სასცენო იმპროვიზაციებში ჰპოვებდა, რამაც განაპირობა კიდევაც ჯგუფის რეპერტუარში ელექტრო (სოლო) გიტარის არარსებობა. ეს კი - ჯიმი ჰენდრიქსის ეპოქაში, როდესაც სოკოებივით მრავლდებოდნენ ფენომენალური გიტარისტები და როკ მუსიკა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო გიტარ სოლოების გარეშე, მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო ახალგაზრდა კენტერბერელი მუსიკოსების მხრიდან.

მეორე ალბომში ჯგუფი ოფიციალურად ტრიოა, მოწვეულმა მუსიკოსმა ბრაიან ჰოპერმა კი საქსოფონით ჯგუფს ჯაზის დოზები შემატა, რაც უფრო თვალნათლივ უკვე კვარტეტად ჩამოყალიბებულმა Soft Machine-ის ოქროს შემადგენლობამ ცხადყო. მესამე ალბომში რეტლიჯთან, ვაიატთან და ჰოპერთან ერთად, საქსოფონისტ ელტონ დინსაც ვხედავთ, რომლის სახელიც ელტონ ჯონმა გამოიყენა ფსევდონიმად.

Soft Machine-მა ყურადღება ფლეიტაზეც გაამახვილა და საყოველთაო აღიარებით ალბომი Third ჯგუფის ყველაზე „გაფრენილ“ ალბომად იქცა, სადაც მეორეს მხრივ ვირტუოზობა და ფსიქოდელიური ფონი მელოდიურობასთან საკვირველად ლამაზად იყო შეზავებული. რობერტ ვაიატის ვოკალი ერთადერთ კომპოზიციაში იყო  წარმოდგენილი. სამაგიეროდ დრამერი ჰამონდ ორგანითაც ხშირად სარგებლობდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა ჯგუფის კლავიშურ ჟღერადობას.

ორდისკიანი ალბომი სულ ოთხი კომპოზიციისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულს დისკის მთლიანი გვერდი ეკავა. სცენაზე კი თითოეული მათგანი ზოგჯერ 30 წუთზე მეტ ხანსაც კი გრძელდებოდა. 2007 წელს გამოსული საკონცერტო ბონუს CD საუკეთესო ამსახველია ამ პერიოდის Soft Machine-სა, მაიკ რეტლიჯის თქმით მზად რომ იყო დღე და ღამე დაეკრა შესვენების გარეშე: „თანამედროვე ჯგუფების შემყურე, რომლებიც მზად არიან რომ სცენაზე დაიძინონ, მიკვირს რა ენერგია გაგვაჩნდა ჩვენ, მზად რომ ვიყავით სცენიდან საერთოდ არ გავსულიყავით“.

შესაძლოა ამას მომავალში კეთილი სამსახური არ გაუწევია ჯგუფისათვის, რადგან სცენური ფსიქოდელია მუსიკოსებს ცხოვრებაშიც გადაჰქონდათ, რაც აისახებოდა მათ ქცევასა და ჯანმრთელობაზე.

1973 წლის 1 ივნისს, დევიდ ალენის მეუღლის - „Mothergong“ ჯილაი სმიტის დაბადების დღეზე დრამერი რობერტ ვაიატი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, წელს ქვემოთ მგრძნობიარობა დაკარგა და დღემდე ინვალიდის ეტლით გამოდის ხოლმე სცენაზე, თანაც ბუნებრივია, რომ არა დრამერის ფუნქციით... რობერტ ვაიატს ამ ტრაგიკულ ამბამდე ჰქონდა მიტოვებული Soft Machine, ხოლო მის ადგილზე კი ჯონ მარშალი უკრავდა.

ალბომ Third -ის შემადგენლობიდან ელტონ დინი და ჰიუ ჰოპერი ამქვეყნად აღარ არიან. მათ რიცხვს კი ამა წლის თებერვალში კევინ აიერსიც შეემატა. მაიკ რეტლიჯი თავდაპირველ Soft Machine -ს ყველაზე დიდხანს - 1976 წლამდე გაჰყვა. შემდეგ მან თითქოს სოლო მოღვაწეობას მიჰყო ხელი, საიდანაც საინტერესო ბევრი არაფერი გამოსვლია. რამდენიმე კინოფილმის გახმოვანების შემდეგ, 1995 წლიდან მოყოლებული, Soft Machine -ის წარსულში ულევი ენერგიით აღსავსე განუმეორებელი პიანისტი, პრაქტიკულად „პენსიაზე“ იმყოფება.

მეშვიდე ალბომის ჩათვლით, ყოველ შემდგომ ნამუშევარში, Soft Machine -ს თავდაპირველი „ველური“ ჟღერადობა თანდათანობით აკლდებოდა და ჯგუფიც ჰკარგავდა პირვანდელ განუმეორებელ ელფერს. რა თქმა უნდა ამას 1960-ების ფსიქოდელიური ერისგან დაშორებაც განაპირობებდა, რაც გაცილებით უმტკივნეულოდ, მაგალითად Pink Floyd -მა დაძლია Saucerful Of Secrets-ის საყოველთაო ფსიქოდელიური ეპოქიდან Dark Side Of The Moon-ის „საკუთარ ფსიქოდელიაში“ გადასვლით.

1973 წლის მეექვსე ალბომის შემდეგ, ჰიუ ჰოპერი როი ბაბინგტონმა შეცვალა, რომელიც ერთი წლით ადრე მოსულ კლავიშებიან ინსტრუმენტებზე შემსრულებელ კარლ ჯენკინსთან ერთად, ექსპერიმენტული Nucleus-ის კიდევ ერთ წარმმართველ ძალად იქცა Soft Machine-ში. 1975 წლის ალბომი Bundles, კოლექტივში უმნიშვნელოვანესი მოვლენით - ელექტრო გიტარის გამოჩენით აღინიშნა. არჩევანი დიდებული იყო, რადგან იმ პერიოდში ალან ჰოლდსუორთს ფიუჟენ გიტარაში პოპულარობით სტივ ჰილიჯი თუ გაეჯიბრებოდა. ჰოლდსუორთმა, როგორც გიტარისტმა გაამართლა, მაგრამ Soft Machine ჯონ მაკლაფლინის Mahavishnu Orchestra-ს დიდი ხნით ადრე გაკვალულ გზას დაადგა და თვითმყოფადობა დაკარგა. მეტიც, სულ მალე, გიტარისტ ჯონ ეტრიჯის გამოჩენის შემდეგ, Soft Machine მომენტებში ჟან მიშელ ჟარეს რეპერტუარსაც კი მოგვაგონებდა, რაც კენტერბერული სცენიდან საბოლოო გასვლას მოასწავებდა.

1981 წელს Land of Cockayne-ში, ალბომ Softs-ის გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ, ჯგუფს მხოლოდ 2 მუსიკოსი კარლ ჯენკინსი და ჯონ მარშალი განასახიერებდა. მოწვეულ მუსიკოსთა შორის კი ჯეკ ბრიუსი და ალან ჰოლდსუორთი იყვნენ. ალბომი სასიამოვნო მოსასმენი გამოდგა, მაგრამ რა შუაში იყო Soft Machine, რომლის პირვანდელ წევრთაგან არვინ იმყოფებოდა შემადგენლობაში?

კოლექტივი ახალი სახელწოდებით Soft Machine Legacy 2004 წლიდან კვლავ შეუდგა აქტიურ მოღვაწეობას, გააცოცხლა რა კენტერბერული ფსიქოდელიური ჯაზ როკი ბრიტანულ მუსიკალურ სცენაზე. საწყისი პერიოდის მუსიკოსებმა ელტონ დინმა და ჰიუ ჰოპერმა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე დაჰყვეს კოლექტივში. ჰიუ ჰოპერი გარდაცვალების შემდეგ, კვლავ როი ბაბინგტონმა შეცვალა, ელტონ დინის ადგილი კი მესამე თაობის დიდებულმა საქსოფონისტმა - დევიდ ალენის  Gong-სა და Tangent-ში გამობრძმედილმა ტეო ტრევისმა დაიკავა. დანარჩენი მუსიკოსები დრამერი ჯონ მარშალი და ელექტროგიტარისტი ჯონ ეტრიჯი არიან. 2013 წლის რიგით მესამე სტუდიური ალბომი Burden Of Proof საკმაოდ დახვეწილი გამოდგა და ჯაზ როკის მოყვარულებმაც ფსიქოდელიის საკმაო დოზებით განზავებული შესანიშნავი  კენტერბერული საჩუქარი მიიღეს.