ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა

2024 წლის 26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის (WCO) 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის სლოგანია - ,,საბაჟო აფართოებს მიზნობრივ პარტნიორობას“.

საზეიმო ღონისძიება  სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა,  ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალან ს. პერსელმა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.

ღონისძიებას დაესწრნენ  შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, ასევე სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლევან ბუთხუზი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  მოადგილე, გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გოგი მეშველიანი,  პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ბიზნესსექტორის  წარმომადგენლები.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიდეო მილოცვა მოისმინეს. შეხვედრის მსვლელობისას,  შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, სამსონ ურიდიამ და  საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროექტების დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნინო ჯინჭარაძემ მოწვეულ სტუმრებს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების შედეგებისა და ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის  - NCTS შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 20 მებაჟე ოფიცერს,  პარტნიორ უწყებებს -  სსიპ. საქართველოს შსს აკადემიას, სსიპ. საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს  EU - Georgia Business Council. ამასთან, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატი გადაეცა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის პირველი განაცხადის წარმდგენ ქართულ კომპანიას -  ,,ჰავი ლოჯისტიკს“, რომელიც უკვე სარგებლობს საბაჟო ფორმალობების პრიორიტეტული წესით მიღების შესაძლებლობით.

აღსანიშნავია, რომ  ღონისძიების ფარგლებში, საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, ორ ახალ კომპანიას (შპს. ,,გებრიუდერ ვაისი” და შპს. ,,ნუტრიმაქსი”) ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიენიჭა. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო ფორმალობებს სთავაზობს.

შემოსავლების სამსახური თითოეულ მებაჟე ოფიცერს და მსოფლიო საბაჟო საზოგადოებას ულოცავს პროფესიულ დღეს.