Foreign Policy: აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს

Foreign Policy: აშშ სირიიდან ჯარების გაყვანას გეგმავს

აშშ სირიიდან ჯარების შესაძლო გაყვანაზე მსჯელობს. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თეთრ სახლს აღარ სურს სირიაში მისიის შენარჩუნება, ვინაიდან მას არასაჭიროდ აღიქვამს. მათივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმაზე, თუ როგორ და როდის შეიძლება გავიდეს ამერიკული ჯარი სირიიდან.

როგორც სტატიის ავტორი ჩარლზ ლისტერი აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჯარების გაყვანა კატასტროფულ შედეგებს მოუტანს აშშ-ისა და მოკავშირეების ინტერესებს სირიაში, ეს იქნებოდა საჩუქარი „ისლამური სახელმწიფოსთვის“ (IS), რომელმაც შეიძლება ისარგებლოს შექმნილი სივრცით და აღორძინება სცადოს.

სირიაში დაახლოებით 900 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული, რომლებიც ადგილობრივ პარტნიორებთან - „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ (SDF) ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ისლამური სახელმწიფოს“ შეკავებაში.

„თუმცა საფრთხე ისევ რეალურია. 16 იანვარს ტერორისტულმა დაჯგუფებამ სარაკეტო იერიში მიიტანა SDF-ის მართვის ქვეშ მყოფ ციხეზე, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოს“ 5000-მდე მებრძოლი იხდის სასჯელს, რასაც ციხიდან გაქცევის მასობრივი მცდელობა მოჰყვა. ეს ოპერაცია ჩავარდა, თუმცა აშშ-ის ჯარები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით რეგიონში, სადაც 20 ციხეში 10 000-მდე გამოცდილი მებრძოლი იხდის სასჯელს, მათთან დაკავშირებული 50 000 ქალი და ბავშვი კი დაცულ ბანაკებში არის გამოკეტილი.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში აშშ-ის ძალები და SDF-ი აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა უფრო რთული ვითარებაა შექმნილი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც კონტროლი ასადის ხელისუფლებას აქვს დამყარებული. ამ უდაბნოებში „ისლამური სახელმწიფო“ ფრთხილი, მაგრამ მეთოდური აღორძინების გზას ადგას, იყენებს რა რეჟიმის ინდიფერენტულობას“, - წერს სტატიის ავტორი.

მისივე თქმით, 2024 წლის პირველი 10 დღის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა 35 თავდასხმა სირიის 7 პროვინციაში და მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების გავლენა შორსაა იმ დონისგან, რომელზეც 2013-2014 წლებში იყო, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ ინარჩუნებს შესაძლებლობებს, თავდაჯერებულობას და იმპულსს.

მიუხედავად იმისა, რომ ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მხრივ აშშ-ის ჯარების შესაძლებლობები შეზღუდულია, ქვეყნის ერთ მესამედზე ამერიკელი სამხედროები წარმოადგენენ მთავარ ფაქტორს, რომლის არარსებობის შემთხვევაში ტერორისტული დაჯგუფების აღორძინება და გავლენის ზრდა გარდაუვალი იქნებოდა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, და გავიხსენებთ, რა მოჰყვა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გასვლას 2021 წელს, გაუგებარია, რატომ განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია სირიიდან ჯარების გაყვანას. როგორც არ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ამას მოჰყვება ქაოსი და ტერორისტული საფრთხეების მკვეთრი ზრდა“, - ასკვნის სტატიის ავტორი.