ბორელი: მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი შესთავაზებს უკრაინელებს „ჯადოსნურ ფორმულას“ ომის 24 საათში დასასრულებლად

ბორელი: მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი შესთავაზებს უკრაინელებს „ჯადოსნურ ფორმულას“ ომის 24 საათში დასასრულებლად

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებაზე, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში მოაგვარებს.

"მე გავიგე, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპი [უკრაინაში] მიიწვია, რათა სწრაფად გამონახოს გამოსავალი. ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად სურს მშვიდობა და იბრძვის ომის დასასრულებლად, რა თქმა უნდა, უკრაინელები არიან", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

"და რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი შესთავაზებს მათ [უკრაინელებს] „ჯადოსნურ ფორმულას“ ომის 24 საათში დასასრულებლად", - დასძინა ჟოზეფ ბორელმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა უკრაინაში მშვიდობის 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფისთვის, თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება.

20 იანვარს, ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კიევში მიიწვია.

"გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ", - მიმართა ზელენსკიმ ტრამპს.

უკრაინის ლიდერმა "ძალიან სახიფათო" უწოდა იმას, რომ ტრამპი საუბრობს თავის განზრახვაზე, დაასრულოს უკრაინაში ომი 24 საათში.