The New York Times: ფრონტის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა

The New York Times: ფრონტის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა

ბრძოლის ველის დიდ ნაწილზე ინიციატივა რუსული ჯარის ხელში გადავიდა, რაზეც მიუთითებს მათი წინსვლა დონეცკის ოლქში - ავდეევკის, ბახმუტისა და მარინკის მახლობლად, და ხარკოვის ოლქში - კუპიანსკის მახლობლად, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

გამოცემის შეფასებით, ბოლო კვირებში რუსმა სამხედროებმა ცოცხალი ძალის მხრივ არსებული უპირატესობის ხარჯზე აღმოსავლეთ ფრონტზე მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. როგორც The New York Times-ი წერს, ეს ხდება კიევისათვის კრიტიკულ მომენტში, ვინაიდან უკრაინა განიცდის სირთულეებს სამხედრო დახმარების მიღების მხრივ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან.

„ფრონტის ხაზზე ახლა სიტუაცია რთულია და ის თანდათან უარესდება. ამერიკული საბრძოლო მასალის გარეშე ჩვენ ვკარგავთ იმ ტერიტორიებს, რომელთა დასაბრუნებლადაც ზაფხულში დიდი სამუშაო გავწიეთ“, - აღნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხებში უკრაინის რადის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეგორ ჩერნევი.

The New York Times-ის ცნობით, ფრონტზე რუსული ჯარის წარმატება აიძულებს უკრაინის ხელმძღვანელობას, განიხილოს 500 000-მდე უკრაინელის მობილიზაციის შესაძლებლობა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ მასშტაბური მობილიზაციის ალტერნატივა ამ ეტაპზე არ არსებობს.