არგენტინის ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის, პესოს ღირებულებას დოლარის მიმართ 50%-ით შეამცირებს. როგორც BBC წერს, ეს ნაბიჯი ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ დაანონსებული „ეკონომიკური შოკური თერაპიის“ ნაწილს წარმოადგენს.
ეკონომიკის მინისტრის, ლუის კაპუტოს განცხადებით, ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 დოლარის სანაცვლოდ 800 პესო იქნება, აქამდე კი 391 პესოს შეადგენდა. მისი თქმით, ეროვნული დევალვაციის შედეგად საწარმოო სექტორი მიიღებს შესაბამის სტიმულებს წარმოების გასაზრდელად.
არგენტინა უკიდურეს ინფლაციას ებრძვის - გასულ წლებთან შედარებით ფასები 150%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, ქვეყანა დგას არაერთი პრობლემის წინაშე, რომელთა შორისაა ნაღდი ფულის რეზერვების სიმცირე და მაღალი სახელმწიფო ვალი, მოსახლეობის 40% კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) ხავიერ მილეის მთავრობის გადაწყვეტილებას გაბედული ნაბიჯი უწოდა. IMF-ის ხელმძღვანელის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.