Le Figaro: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა დაარწმუნოს კონგრესი, არ მიატოვოს უკრაინა

Le Figaro: ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა დაარწმუნოს კონგრესი, არ მიატოვოს უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დაბრუნდა, რათა დაარწმუნოს კონგრესი, არ მიატოვოს უკრაინა, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro სტატიაში სათაურით ზელენსკი ვაშინგტონშია უკრაინის დახმარების გადარჩენის მიზნით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში მესამე ვიზიტი ასევე ყველაზე სასოწარკვეთილია, ვინაიდან ამერიკული დახმარება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის რუსეთისგან თავდაცვისთვის, შეჩერებულია კონგრესში კენჭისყრის გამო, რომელიც ამ დრომდე დაბლოკილია ზოგიერთი "რესპუბლიკელი" კონგრესმენის მიერ.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა კონგრესის ორივე პალატას მოუწოდა, დაემტკიცებინათ ბიუჯეტის გახანგრძლივება და კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება დაფინანსების არარსებობის გამო შესაძლოა შეჩერდეს.

"თუმცა, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" შორის პარტიული დავის საგანი გახდა. მაშინაც კი, თუ "რესპუბლიკელი" კონგრესმენების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას, პარტიის ფრთა, რომელიც დონალდ ტრამპის იზოლაციონიზმთან არის დაკავშირებული, ახლა ღიად ეწინააღმდეგება ამას", - წერს ფრანგული გაზეთი.

თუმცა, ორივე ჯგუფი გაერთიანებულია, რათა ბაიდენისა და "დემოკრატებისგან" მიიღონ იმიგრაციის კონტროლის გაძლიერებული ზომები მექსიკის საზღვრის გასწვრივ.

"რესპუბლიკელმა" სენატორმა, ჯ.დ ვენსმა, რომელიც სენატში იზოლაციონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხმად იქცა, გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი.

"[აშშ-ში] სასაზღვრო კრიზისის ფონზე, ზელენსკი ვაშინგტონში ჩამოდის, რათა კონგრესს სთხოვოს, უფრო მეტად იზრუნონ მის საზღვარზე, ვიდრე ჩვენს საზღვარზე", - აღნიშნა სენატორმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა კონგრესის "რესპუბლიკელები" უსაფრთხოების კუთხით მათი პოლიტიკური თამაშების შედეგების შესახებ.