NYT: წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ აშშ და უკრაინა ახალ სტრატეგიას ეძებენ

NYT: წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ აშშ და უკრაინა ახალ სტრატეგიას ეძებენ

წარუმატებელი კონტრიერიშის შემდეგ აშშ და უკრაინა ახალ სტრატეგიას ეძებენ, რომელიც 2024 წელს უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

მისი ცნობით, კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსულმა ჯარმა ტაქტიკა შეცვალა და ახლა სიმძლავრის აღდგენაზე მუშაობს. ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ახლა რუსეთს გაცილებით მეტი საბრძოლო მასალა, რაკეტა და ცოცხალი ძალა აქვს. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყანა ზრდის დრონების მარაგებს. ამის ფონზე აშშ აგზავნის კიევში გენერალს, რომელიც უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტს დაამყარებს.

ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები იმედოვნებენ, რომ ახალი სტრატეგიის დეტალებზე ჩამოყალიბებას იანვარში შეძლებენ, როდესაც გერმანიაში სამხედრო წვრთნები გაიმართება. NYT-ის ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროები მხარს უჭერენ კონსერვატიულ სტრატეგიას, რომლის მიზანიც იქნება უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის შენარჩუნება და 2024 წლის განმავლობაში ძალებისა და მარაგების მოგროვება. რაც შეეხება უკრაინელ მაღალჩინოსნებს, მათ იერიშზე გადასვლა სურთ.

„ფსონები გაიზარდა. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახალი სტრატეგიისა და დამატებითი დაფინანსების გარეშე უკრაინამ შეიძლება ომი წააგოს. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ პუტინმა ფსონი სწორედ ამერიკული დახმარების შემცირებაზე დადო“, - წერს გამოცემა.

ამერიკული მხარე მიიჩნევს, რომ მათ მიერ შეთავაზებული სტრატეგია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას და ნებისმიერი რუსული თავდასხმის მოგერიებას უზრუნველყოფს. ამ სტრატეგიის მიზანია ისეთი რეალური საფრთხის შექმნა, რომლის პირობებშიც რუსეთი თანახმა იქნება, 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში შინაარსიანი მოლაპარაკებები დაიწყოს.

ამასთან ერთად, უკრაინელი მაღალჩინოსნები მუშაობენ სტრატეგიაზე, რომელიც ყირიმზე განხორციელებული წარმატებული დარტყმების მაგალითს ეფუძნება. მათ სურთ, რუსეთი წყობიდან გამოიყვანონ იარაღის მწარმოებელ ქარხნებსა და შეიარაღების საწყობებზე იერიშებით და „სიმბოლური გამარჯვებების“ მიღწევით.

თუმცა, როგორც NYT-ი წერს, კომპრომისის გარკვეული ნიშნები არსებობს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მზად არიან, უკრაინის ზოგიერთი ახალი იდეა განიხილონ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყირიმზე მიტანილმა იერიშებმა აშშ-ზე შთაბეჭდილება მოახდინეს, ამიტომ ამერიკელი სტრატეგები იმედოვნებენ, რომ უკრაინელები ასეთივე წარმატების მიღწევას 2024 წელსაც შეძლებენ.

NYT-ი ასევე წერს, რომ ახალი სტრატეგიის შექმნის კონტექსტში ევროპაში ამერიკული ჯარების მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი უკრაინასთან მოქმედებების კოორდინაციის კუთხით უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.