რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადა - არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.
ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, ამგვარად, „წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულად შეიძლება ჩაითვალოს“.
თავის მხრივ, რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ აღნიშნა, რომ 8 დეკემბერს ცესკო იმსჯელებს დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემა 15, 16 და 17 მარტს იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ რეგიონებს, პამფილოვას თქმით, ამ რეგიონებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 12 დეკემბერს იქნება მიღებული.
ამასთან ერთად, უცხოეთში მყოფი რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებზე დისტანციურ რეჟიმში ხმის მიცემას ვერ შეძლებენ.