ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტი მადურომ პარლამენტს გადაუგზავნა.

მადუროს თქმით, ნავთობით მდიდარ ესეკიბოს რეგიონში მომუშავე მომპოვებელ კომპანიებმა საკუთარი საქმიანობა უახლოეს 3 თვეში უნდა დაასრულონ. მისი განცხადებით, ესეკიბოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება მხოლოდ ვენესუელური ლიცენზიების საფუძველზე მოხდება.

გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ მადუროს ქმედებებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა უწოდა. ირფაან ალის თქმით, გაიანა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს.

ვენესუელის ხელისუფლებამ გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს მიერთების საკითხზე რეფერენდუმი მას შემდეგ ჩაატარა, რაც 1 დეკებმერს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ოფიციალურ კარაკასს გაიანის ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევით რაიმე ქმედებების განხორციელება აუკრძალა. ვენესუელისა და გაიანის ტერიტორიული დავის განხილვა სასამართლოში სულ მცირე 2024 წლის გაზაფხულამდე არ გაიმართება, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს შესაძლოა წლების დასჭირდეს - თუმცა რეფერენდუმის გამართვა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს არ აუკრძალავს.

ვენესუელისა და გაიანის ტერიტორიულ დავას გრძელი ისტორია აქვს. ვენესუელა მიიჩნევს, რომ ესეკიბოს რეგიონი ესპანური კოლონიალიზმის პერიოდში მის საზღვრებში შედიოდა. კარაკასი არ ეთანხმება 1899 წლის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელმაც ესეკიბოს რეგიონი ბრიტანეთის გვიანას (ახლანდელი გაიანა) მიაკუთვნა.