ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორს უმასპინძლა.
გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" შემაჯამებელ ფაზას უკავშირდება.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვის მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. ისაუბრეს როლზე, რაც პარლამენტს და კომიტეტს აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს გააცნო კომიტეტის საქმიანობის ის მიმართულებები, რაც მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას და მათ გაძლიერებას უკავშირდება ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა უფლებების დაცვის უკეთესი სტანდარტის მისაღწევად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს პროექტის შემდგომი გაგრძელებისა და განვითარების პერსპექტივებს, რაზეც ორივე მხრიდან დადებითი შეფასება და მხარდაჭერა გამოიხატა.