The Economist: ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობები შეიძლება დახასიათდეს როგორც საშინელი

The Economist: ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ურთიერთობები შეიძლება დახასიათდეს როგორც საშინელი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის შორის ურთიერთობები შეიძლება დახასიათდეს როგორც საშინელი - ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Economist-ი წერს.

როგორც გამოცემას უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობის მქონე წყარომ განუცხადა, ქვეყნის ხელმძღვანელობაში ღია კონფლიქტი არის მოსალოდნელი შედეგი იმ გაჭიანურებული კონტრიერიშის, რომელიც „დაუგეგმავად განვითარდა“. წყაროს თქმით, ალბათ ზალუჟნი შეცდა, როდესაც საჯაროდ გააკეთა განცხადებები, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ოპტიმისტურ პოზიციას.

The Economist-ი წერს, რომ ახლა მხარეები ცდილობენ, ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა ჩამოიშორონ.

„პოლიტიკოსები ამბობენ, რომ გენერლები არიან საბჭოთადროინდელი მომზადების მქონე სულელები, ხოლო გენერლები ამბობენ, რომ პოლიტიკოსები არიან სულელები, რომლებიც მათ ხელს უშლიან“, - ამბობს წყარო.

კიდევ ერთ ფაქტორად, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ზელენკისა და ზალუჟნის კონფლიქტში, გამოცემა ასახელებს სისხლის სამართლის საქმეს უკრაინის სამხრეთის წარუმატებელი დაცვის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ზალუჟნი საქმეში ჯერჯერობით მოწმის სტატუსით ფიგურირებს, ხოლო მისი აქტიური ურთიერთობა ჟურნალისტებთან შეიძლება განიხილებოდეს როგორც თავდაცვა იმ შემთხვევისთვის, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

The Economist-ი წერს, რომ ზალუჟნის არ დაუფიქსირებია პოლიტიკური ამბიციები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ზელენსკისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გამოცემას ასევე მოყვანილი აქვს მიმდინარე თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის დახურული გამოკითხვების შედეგები. გამოკითხვების თანახმად, ზელენსკისადმი ნდობის რეიტინგი იკლებს (32%), ხოლო ზალუჟნის რეიტინგი კვლავ მაღალი რჩება (70%).