უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთს ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებს. ვიქტორ ორბანის გამოსვლის ეს მონაკვეთი X-ზე უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზოლტან კოვაჩმა გამოაქვეყნა.
კერძოდ, ორბანმა თქვა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია, მაგრამ მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის არასწორი გზა აირჩიეს.
უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი თავიდანვე „ლოკალიზებული“ და „იზოლირებული“ უნდა ყოფილიყო და არა „გლობალიზებული“, როგორც ეს საბოლოოდ მოხდა.
მისივე თქმით, დასავლეთის სტრატეგია ამ ომთან დაკავშირებით თავდაპირველად იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინა იომებს და გაიმარჯვებს ფრონტზე, რუსეთი კი - დამარცხდება, რის შემდეგაც მოსკოვში ხელისუფლება შეიცვლება, რომელთან მოლაპარაკება შეიძლება.
„ასეთი იყო სტრატეგია. ჩვენ ვაფინანსებთ, უკრაინელები კი ომობენ და იხოცებიან. იქ, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, აშკარაა, რომ უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ ბრძოლის ველზე. ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ფრონტზე არაა. რუსები არ დამარცხდებიან. მოსკოვში არ იქნება პოლიტიკური ცვლილებები. ასეთია რეალობა“, - აღნიშნა ორბანმა.