საფრანგეთის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, „შავი პარასკევის“ ფარგლებში ახალი ტანსაცმელი არ შეიძინონ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის ფარგლებშიც კაცი მაღაზიაში კონსულტანტს დახმარებას სთხოვს, ის კი მას ეუბნება, არაფერი იყიდოს, დაეხმაროს პლანეტას და დაზოგოს საკუთარი ფინანსები.
კამპანიის ავტორია ეკოლოგიური გადასვლის მინისტრი კრისტოფ ბეშუ, თუმცა მთავრობის სხვა წევრების მხრიდან მას კრიტიკა მოჰყვა.
ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა კამპანიას გაუაზრებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ის „პატიოსან ბიზნესმენებს მიაყენებს ზიანს“.
მოგვიანებით ბეშუმ აღიარა, რომ კამპანიის გზავნილი არასწორი იყო და მისი სამიზნე მხოლოდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმები უნდა ყოფილიყო, თუმცა სარეკლამო რგოლები უკან არ გაუწვევია.