დავით არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა

დავით არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა

რუსეთი მზად იყო, ომი დაესრულებინა, თუ ჩვენ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებდით და ნატოში შესვლაზე უარს ვიტყოდით. ეს იყო მთავარი პუნქტი, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის დენაციფიკაცია, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები და ა.შ. უბრალოდ კოსმეტიკური დანამატები იყო, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა უკრაინა ამ პუნქტს, არახამიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა.

„პირველ რიგში, ამ პუნქტის მისაღებად კონსტიტუცია უნდა შეგვეცვალა, რადგან ნატოსკენ სწრაფვა კონსტიტუციაში არის გაწერილი. მეორე - არ არსებობდა და არც ახლა არსებობს რუსეთის მიმართ ნდობა, რომ ისინი შეთანხმებას შეასრულებდნენ. ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაში. არ შეგვეძლო რაღაცის ხელმოწერა, იმიტომ, რომ ისინი ამოისუნთქავდნენ და უფრო მომზადებულები შემოვიდოდნენ, ვინაიდან [2022 წლის თებერვალში] ისინი მოუმზადებლები შემოვიდნენ, ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. ჩვენ ამაზე მუშაობა მხოლოდ მაშინ შეგვეძლო, როდესაც 100%-ით ვიქნებოდით დარწმუნებულები, რომ ეს არ განმეორდებოდა. ამაში დარწმუნებულები არ ვართ. მეტიც, როდესაც სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერთ, მოდით, უბრალოდ ვიომოთ“, - განაცხადა არახამიამ.

ამასთანავე, არახამია უარყოფს, რომ უკრაინის დელეგაცია მზად იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის და კიევი ჯონსონმა შეაჩერა. მისივე თქმით, დელეგაციას რამის ხელმოწერის იურიდიული უფლებაც კი არ ჰქონდა - თეორიულად ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ ერთმანეთს პუტინი და ზელენსკი შეხვდებოდნენ. არახამიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და იცნობდნენ დოკუმენტების სამუშაო ვარიანტებს, მაგრამ უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებებს არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.