გიგანტური ჰესები - კეთილდღეობა თუ უბედურება

გიგანტური ჰესები - კეთილდღეობა თუ უბედურება

ბოლო პერიოდში დიდ დისკუსიას იწვევს ხუდონჰესის მშენებლობის დილემად ქცეული თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის სამინისტროს თანამდებობის პირები და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი თავიანთ გამოსვლებში გვარწმუნებენ ხუდონჰესის დაკონსერვებული მშენებლობის განახლების აუცილებლობაში, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.

აღნიშნული წერილის მიზანია მედიასივრცეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მივიღოთ,რათა უფრო უკეთ განვსაჯოთ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, თუ უბედურების. ამის შემდგომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხში გათვითცნობიერებულმა საზოგადოებამ არავის არ უნდა დააშვებინოს ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს. აკი, თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით.

ენერგოდამოუკიდებლობა რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც მის გარეშე შეუძლებეელია, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა და ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ელექტროენერგიით ქვეყნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თუ არა გიგანტური ჰესების მშენებლობა, აქ კი ისმის კითხვები და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. სწორი პასუხი კი აღნიშნულ სფეროში ღრმად ჩახედვის გარეშე ვერ მოიძებნება.

სადღეისოდ საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი შემდეგნაირია:

ჰიდროელექტროსადგურები – 9 მლრდ. 378 მლნ კვტ . საათი;

თბოელექტროსადგურები – 996 მლნ კვტ. საათი;

იმპორტი ზამთრის თვეებში – 277 მლნ კვტ.საათი.

სამაგიეროდ, ზაფხულის თვეებში საქართველოს გააქვს ექსპორტზე გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგია.

თბოელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექროენერგიიდან გამოიმუშავებს :

შპს ”მტკვარი” (300 მეგავატი) – 872.7 მლნ კვტ. საათი;

აირტურბინა (110 მეგავატი) – 20.6 მლნ კვტ. საათი;

თბილსრესი 260 მეგავატი – 102.7 მლნ კვტ საათი.

როგორც ცხედავთ, დადგმული თბო-სიმძლავრეების სრული ათვისება არ ხდება და ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი სწორედ ამითაა გამოწვეული.

დიდი და საშუალო თბო და ჰიდროენერგეტიკის მონაცემების გათვლებით დღეს საქართველოში 3300 მეგავატაზე მეტი დადგმული სიმძლავრეა, აქედან, ჰიდროებზე მოდის დაახლოებით 2700 მეგავატი, ხოლო 600 მეგავატი - თბოელექტროსადგურებზე.

მაშასადამე, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, არსებული სიმძლავრეებითაც, სადღეისოდ ,ელექტროენერგიის არანაირი დეფიციტი საქართველოს არ გააჩნია და ვინც ამ თემით აპელირებს, ის, უბრალოდ, ცრუობს.

ელექტროენერგიის ღირებულებას რაც შეეხება, სემეკის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიით ერთი კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავება უჯდება: "ენგურჰესს", - 2,13 თეთრი, "ვარდნილჰესების კასკადს " - 1,17 თეთრი , "ვარციხეჰესს" - 1,25, "ხრამჰესს" - 1,76. შედარებით მაღალი ტარიფები დაფიქსირებული აქვთ "ენერგოპროს" ობიექტებს: "გუმათჰესის კასკადს", "ძევრულაჰესს", "რიონჰესსა " და "შაორჰესს" .

თბოელექტროსადგურების გამომუშავებული კილოვატი/საათის ღირებულება 6-დან 8 თეთრამდე მერყეობს.

ამ მონაცემებით შეწონილი (საშუალო) ტარიფის ღირებულება საქართველოში 4,5 თეთრს არ აღემატება.

ამ პირობებში საქართველოს საპარტნიორო ფონდმა და თურქულმა კომპანიამ - „ÇALIK ENERJİ“-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. „პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 200 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. შედეგად, საქართველოს ენერგეტიკა 2015 წლის ბოლომდე მიიღებს დამატებით 230 მეგავატის სიმძლავრეს.

თბოელექტროსადგურებს რაც შეეხება, ასევე დაგეგმილია: ახალციხის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, სიმძლავრე : 300 მეგავატი, წლიური გამომუშავება: 2,2 მლრდ. კვ/სთ, ნახშირის წლიური მოხმარება: 1,9 მლნ. ტონა მშენებლობის ვადა: 3-4 წელი;

ხოფას თბოელექტროსადგური, სიმძლავრე - 150 მეგავატი, წლიური გამომუშავება - 1,1 მლრდ. კვტ/სთ ნახშირის წლიური მოხმარება: 600 ათასი ტონა, მშენებლობის ვადა: 3 წელი;

ტყიბულის თბო-ელექტროსადგური სიმძლავრე: 600 მეგავატი, წლიური გამომუშავება: 4 მლრდ. კვ/სთ, ნახშირის წლიური მოხმარება : 2,4 მლნი. ტონა. მშნებლობის ვადა: 3-4 წელი.

სხვათა შორის, ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოების საკმაოდ დიდი მარაგები გააჩნია საქართველოს. ტყიბულ-შაორის საბადო დიდ საბადოთა რიცხვს მიეკუთვნება. ქვანახშირის მარაგი 1979 წლის 1 იანვრისათვის 307,4 მლნ. ტონას შეადგენდა. მისი ქვანახშირი მაღალაირიან ნახშირებს მიეკუთვნება.

ახალციხის მურა ნახშირის საბადოსაც მნიშვნელოვანი მარაგი აქვს (1979 წლის 1 იანვრისათვის 71,5 მლნ ტონა). აღნიშნული საბადოების შახტების ინტენსიური ამუშავება ახალი მრავალი სამუშაო ადგილის გაჩენასაც შეუწყობს ხელს.

საერთოდ კი, ეს ნიშნავს, რომ მარტო თბოელექტროსადგურებით დამატებით პოტენციურად შეგვიძლია მივიღოთ დაახლოებით 9 მლრდ. კვ/სთ ელექტროენერგია.

ასევე, უნდა აღინიშოს, რომ ქართული ენერგეტიკის სიმძლავრეებს ემატება უკვე მშენებარე შუახევჰესი„ რომელიც 178 მეგავატიანია, წლიური გამომუშავებით 445 მლნ კილოვატ საათი. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება. დანარჩენი 200 მეგავატი 2016 წლიდან 4 წლის განმავლობაში დასრულდება.

მშენებლობის პროცესშია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდინარე ფარავანზე 85 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. ჰესის წლიური გამომუშავება 420 მლნ კვტ.საათია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 125 მლნ აშშ დოლარია.

ისიც უნდა ითქვას, რომ არსებული ჰიდროელექტროსადგურების ნაწილი მოითხოვს რეაბილიტაციის სამუშაოებს, რაც ბევრად გაზრდის ელქტროენერგიის წარმოებას.

თავის თავად, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება, ინდუსტრიალიზაცია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია უმუშევრობის დაძლევა და სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ელექტროენერგიის მოთხოვნილებას მრავალგზის გაზრდის და ახალი ჰიდროლექტროსადგურების მშენებლობის საჭიროება დღის წესრიგში დადგება, მაგრამ საქართველოში, რომელსაც 26 ათასი მდინარე გააჩნია, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის შესანიშნავი პირობები არსებობს რამდენიმე ათეული მილიარდი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის პოტენციალით.

ამავე დროს, მინდა გავამახვილო ყურადღება განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების შესახებ, რომელთა გამოყენებამაც უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვის წყალობით მსოფლიოში დიდი პერსპექტივები შეიძინა.

მათ შორის საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა თერმულ წყლები, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში იყენებდნენ გათბობისა თუ აბაზანის მისაღებად, თუმცა მათი ენერგეტიკაში გამოყენება XX საუკუნემდე არ მომხდარა.

ამჟაამად გეოთერმული ელექტროსადგურებით ენერგიას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს. მათგან აღსანიშნავია - ისლანდია, აშშ, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ფილიპინები, ჩინეთი, იაპონია და სხვ.

გეოთერმული ენერგიის გამოყენების ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი ისლანდიას აქვს. ქვეყნის ელექტრო ენერგიის 26.2% სწორედ ამგვარი სადგურების მიერაა გამომუშავებული, ამასთანავე, ისლანდიაში სახლების 90%-ის გასათბობად თერმულ გათბობას იყენებენ.

ცხელი ბუნებრივი წყლები, ანუ თერმული წყლები საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრეა. მათი უდიდეს ნაწილი აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონასა და კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე გვხვდება. აქ გამოვლენილია წყლები, რომელთა ტემპერატურა 85°C-ზე მეტია. ასევე ცნობილია თბილისის თერმები.

უნდა აღინიშნოს მენჯის, ნოქალაქევის, ცაიშის, აბასთუმნის, ზეკარის, ციხისჯვრის,სოხუმ-ბესლეთის და სხვ. თერმები. გასული საუკუნის 70-იანი წლებში ჩატარებული ბურღვითი და სხვა სახის საველე სამუშაოებით დადგინდა, რომ ბუნებრივი თერმული წყლები 44 დეპოზიტშია თავმოყრილი. წინასწარი შეფასებებით, ამ დეპოზიტების სითბური ენერგია დაახლოებით 420 მეგავატია, რაც ეკვივალენტია 2 მილიარდი კვ/სთ -ის გეოთერმული ენერგიისა. ამასთან, საქართველოში არსებული 50 თერმული ჭაბურღილიდან უმეტესობა არამუშა მდგომარეობაშია და ასევე, არც ერთი არაა გამოყენებული ელექტრო ენერგიის საწარმოებლად.

გიგანტური ჰესების მშენებლობის ნაცვლად, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბევრად რენტაბელური იქნება ქვეყნისთვის, თუ ბურღვითი სამუშაოები განხორციელდება 6000-7000 მეტრის სიღრმეზე. მოპოვებული შიგთავსი იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველ პროდუქტიულ ჭაბურღილზე ვიქონიოთ თბოელექტროსადგური, რომელიც იმუშავებს ორთქლზე და ორგანული საწვავი აღარ გახდება საჭირო. ამ გზით ქვეყნის ენერგეტიკა მომძლავრდება და შეჩერდება ბუნების განადგურება.

ქარის ენერგეტიკას ბოლო წლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მსოფლიოში. ამჟამად ქარის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 237 669 მეგავატს შეადგენს. ევროპაში, სადაც ქარის ელექტროსადგურების სიმძლავრე 115 100 მეგავატს შეადგენს წამყვანია გერმანია-29 060 მგვტ, ესპანეთი-21 675 მგვტ, დანია-3 871 მგვტ. (2011 წლის მონაცემებით). ენერგეტიკის ეს დარგი სწრაფი ტემპით ვითარდება აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში და ბევრ წამყვან ქვეყანაში.

სპეციალისტები საქართველოში ქარის თეორიულ ენერგეტიკულ პოტენციალს აფასებენ 1300 მილიარდ კვტ/სთ-ს წელიწადში, ხოლო ტექნიკურ პოტენციალს 5 მილიარდ კვტ/სთ-ს.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მზის ენერგიის, როგორც ენერგიის უშრეტი და მყისიერი წყაროს გამოყენებასა და პოტენციალზე. სპეციალისტების გათვლებით საქართველოში, ყოველ კვადრატულ მეტრზე, წელიწადში 1300 კვტ//სთ მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს უტოლდება. საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. ქვეყნის ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვ.მ. ფართობზე 1250-1800 კვტ/სთ შეადგენს, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვ.მ. ფართობზე უტოლდება 4,2 კვტ.სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისათვის საკმარის ენერგიას მზე აფრქვევს დედამიწის მაქსიმუმი 3,0 კვ.მ. ფართობზე. ეს ნიშნავს, რომ თუ აშენდება 200 კვ.კმ ფართობის ჰელიოსადგური (ქ. თბილისის ტერიტორია 350 კვ.კმ შეადგენს), მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნილებას ელექტროენერგიაზე. აქ საუბარია არა ერთ გეოგრაფიულ ადგილზე ამხელა ფართობის ჰელიოსადგურის დამონტაჟებაზე, არამედ, მთელი საქართველოს მასშტაბით სახლების, სხადასხვა დაწესებულებების, საწარმოების სახურავებსა და უდაბნოს კლიმატის მქონე ადგილებში ჰელიოსისტემების განლაგებაზე.

მზის ენერგიის მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება: შენობების გასათბობად და განათებისთვის, ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულებით. მზის ენერგიით ხდება დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და მავნე CO2-ის გამოყოფის შემცირება.

სადღეისოდ საქართველოს ოცზე მეტ მონასტერში დამონტაჟდა მზის მიკროელექტროსადგური და მათი საშუალებით შესაძლებელი გახდა ტაძრების, სატრაპეზოების განათება. დუშეთის, ახმეტის, გუდაურის რაიონში, მთა-თუშეთის, ხევსურეთისა და ფხოვის მაღალმთიან სოფლებში ორმოცდაათამდე ოჯახს დაუმონტაჟდა 50 კილოვატი სიმძლავრის ინდივიდუალური მოხმარების მზის მიკროელექტროსადგური, რომელიც განათებისა და წყლის გაცხელებისათვის გამოიყენება.

როგორც ვხედავთ, მზის ენერგია, როგორც ენერგიის ალტერნატიული და საიმედო წყარო, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სარგებლის მომტანია. ამიტომაც, მაგალითად, გერმანიაში სახელმწიფო ხელს უწყობს მოსახლეობას შეღავათიანი მრავალწლიანი კრედიტებით რომ შეიძინოს და დაამონტაჟოს მზის ბატარეები. მათ მასშტაბური სახელმწიფოებრივი გეგმაც გააჩნიათ, რომ უახლოეს წლებში ქვეყანაში გამოყენებული ენერგიის მესამედი სწორედ მზის ენერგიას წარმოადგენდეს.

აღნიშნული გამოცდილების გამოყენება მეტად საშური და მომგებიანი იქნება საქართველოსთვისაც, თუ, ამავე დროს, სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნება მზის ბატარეების მწარმოებელი სამამულო ქარხანა, რაც მრავალ სამუშაო ადგილსაც შექმნის, ხოლო მისი პროდუქცია ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სანამ გიგანტური ჰესების ავ-კარგიანობის მიმოხილვაზე გადავალ, მანამ აღნიშნული თემის კონტექსტში მსურს ის ინფორმაციებიც მოგაწოდოთ, რამაც მსოფლიო ენერგეტიკის სფეროში შესაძლოა ინოვაციურ-ტექნოლოგიური გადატრიალება გამოიწვიოს. ეს არის საერთაშორისო პროექტი თერმობირთვული რეაქტორის შექნისა, რომელშიც ენერგიის წყაროდ გამოყენებული იქნება არა რადიაციული ურანი, არამედ წყალბადის ნაერთი დეიტერიუმი, რომელიც ბუნებაში ამოუწურავი რაოდენობისა არსებობს და თერმობირთვული სინთეზით იქმნება. თავის მხრივ ის წარმოშობს პლაზმას, რაც უდიდესი ენერგიის მატარებელია.

აღნიშნულ პროექტში მსოფლიოს 34 ქვეყანა მონაწილეობს და რეაქტორში პირველი პლაზმის მიღება უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. ამავე დროს, ევროკავშირს შემუშავებული აქვს უდიდესი მასშტაბის პროექტი საჰარის უდაბნოში ჰელიუმის ენერგოსადგურის შექმნის შესახებ, რომელიც რამდენიმე ათასი კვ.კმ. ფართობის მქონე იქნება და დიდწილად შეამცირებს ენერგიის დეფიციტს მსოფლიოში.

განახლებადი ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროების: მზის, ქარის, თერმული ენერგიის უდიდესი პერსპეტივები ნათლად ჩანს ჩინეთის ენერგოსისტემის მოდერნიზების მასშტაბურ გეგემებში. 2015 წლისთვის ჩინეთი გეგმავს თავისი ენერგეტიკის 40 % ჩაანაცვლოს მზის ენერგო რესურსით. დღესდღეისობით ჩინეთის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 290 GW. დამატებით იგი 2015 წლისთვის აპირებს 100 GW-მდე გაზარდოს ქარის ელექტროენერგია, გეოთერმული ენერგიის სიმძლავრე გააჩნია 120 GW, ხოლო ოკეანიდან მიღებული ენერგია გახლავთ 50 GW.
და ბოლოს იგი 2015 წლისთვის გეგმავს რომ განახლებადი ენერგეტიკის დახმარებით დადგმული სიმძლავრე მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს 594 GW, რაც იმას ნიშნავს რომ სულ რაღაც სამ წელიწადში გაორმაგდება მისი ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე და იგი მსოფლიოში ელექტროენერგიის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი გახდება .

საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტზე თუ არის საუბარი, მაშინ ელენერგიის დიდი ეკონომიის მიღწევა შეიძლება, თუ მასობრივ მოხმარებაში შემოვა მსოფლიოში უკვე გავრცელებული ახალი ეკონომიკური ნათურები, განსაკუთრებით ე.წ. LED ნათურები, რომლებიც საშუალოდ ათჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ. სპეციალისტების გათვლებით ვარვარების ნათურის მუშაობის ვადა არის მხოლოდ 1000 საათი, ხოლო შუქდიოდურ ნათურებს შეუძლიათ იმუშაონ 25 000-30 000 საათი. ერთმა ნათურამ უნდა იმუშაოს საშუალოდ 10 წელი და ამ ხნის განმავლობაში უნდა დაზოგოს 200-300 ლარის ელექტროენერგია. გავამრავლოთ ეს რიცხვი ნათურების რაოდენობაზე, რომლებიც სახლში გვაქვს და დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად სერიოზული დანაზოგია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნათურები რამდენიმეჯერ ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ შუქდიოდური ნათურის სინათლე მსუბუქი და სასიამოვნოა.

ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის შემთხვევაში შემოსავლების მქონე მოსახლეობა კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებული უნდა გახდეს, რომ მითითებული ნათურებით გაანათონ ბინები, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა თავად მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამგვარი ნათურებით. ანალოგიურად, ყველა საზოგადოებრივ ადგილას უნდა მოხდეს განათების დიოდური ნათურებით ჩანაცვლება, რაც ასობით მეგავატი ელექტროენერგიის ეკონომიას მისცემს ქვეყანას. ეს კი, გიგანტური ჰესების მშენებლობის მომხრეებს არგუმენტებს საკმაოდ შეუმცირებს.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე გაოცებას იწვევს, რომ საქართველოში გიგანტური ჰესების მშენებლობის ბუმი, რაც წამოიწყო ნაცრეჟიმის ხელისუფლებამ, ოცნების მთავრობას აქტიურად სურს გააგრძელოს, მიუხედავად იმისა რომ სრულიად საწინააღმდეგო საარჩევნო დაპირება გააჩნდა, რაც მის მიმართ საფუძვლიან უარყოფით განწყობებს წარმოშობს.

”ოცნების” მთავრობის მხრიდან ხუდონჰესის პროექტის განხორცილების დაჟინებულ მოთხოვნას, რომლის აშენების შემთხვევაში უნდა დაიტბოროს 528 ჰექტარი, ანუ 5 კვ. კმ -ზე მეტი სოფელ ხაიშის ნაყოფიერი მიწები, რომელზეც მცხოვრები ასობით ქართული ოჯახი განსახლებისთვის არის განწირული, მართლაც რომ სჭირდება უფრო არგუმენტირებული გამართლება. ჯერ ერთი, ამ მიწას მთავრობა ინდოელ ინვესტორს გადასცემს სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად, ანუ იმის თქმა, რომ უცხოელი ინვესტორი მილიარდ დოლარ ინვესტიციას დებს საქართველოში, არასწორია, რადგან ეს ინვესტიცია კი არა, თანაინვესტიციაა, ხოლო ამ მიწის ფინანსური ღირებულება დღევანდელი ფასებითაც რომ განვსაზღვროთ, მილიარდ დოლარზე ნაკლები ნამდვილად არ არის. ის რომ ქართული ეკონომიკისა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ბოლო წლების გაპარტახებამ ჩვენთან მიწის ღირებულება გააუფასურა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში მიწას შესაბამისი ფასი არა აქვს ან მომავალში არ ექნება. თვით ინდოეთში ერთი ჰექტარი მიწის ფასი რომ 150-200 ათასი დოლარი ღირს, იმაზე მეტყველებს, თუ რა სიმდიდრეს ვძირავთ სამუდამოდ წყალში და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდური მიწა ასჯერ უკეთესი ნაყოფიერების მქონეა, ის, უბრალოდ, ბრიყვია.

მიწას მზრუნველი მთავრობა სჭირდება, სარწყავი სისტემების რეაბილატაცია-მოწყობა, კოოპერაციული წარმობის განვითარება, პროდუქციის გადამამუშავებელი მრეწველობის შექმნა და გასაღების ბაზრის დაბრუნება და მაშინ ქართული მიწა ამოუწურავი სიმდიდრის მქონე ბეღელს დაემსგავსება.

ჰოლანდია მიწის ერთი ნაგლეჯის მოპოვებისთვის ოკეანესთან ბრძოლაში უამრავ ფულს ხარჯავს, ვენეციის გადასარჩენად მრავალმილიარდიანი ღირებულების დამბებს ზღვის ფსკერზე ამონტაჟებენ, ხოლო ჩვენმ ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში, შესაბამისი უკუგების გარეშე გვსურს წყალში ჩავძიროთ ასობით ჰექტარი მიწები. ამ ქმედების მოგება კი უნდა იყოს 2018 წლიდან რამდენიმე მილიონი ლარი ქონების გადასახადი და ზამთრის თვეებში მოწოდებული გამომუშავებული ენერგიის 20%, რაც დაახლოებით იქნება 100 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია, 1 კლვ/სთ თითქმის 6 ცენტად 10 წლის მანძილზე. ხოლო ინდოელმა ინვესტორმა ექსპორტზე უნდა გაიტანოს, სავარაუდოდ, 20 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია, რომ დანახარჯი აინაზღაუროს და მოგებაც ნახოს. ეს მაშინ, როცა თავად ინდოეთში ჰიდროსადგურის გამომუშავებული ენერგიის მესამედი იმ მუნიციპალიტეტს ეძლევა უფასოდ, რომლის ტერიტორიაზეც ის შენდება.

რაც შეეხება გიგანტური ჰესებით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმ მძიმე გამოცდილებით, რომელიც უკვე გაგვაჩნია. ლეჩხუმში 1960 წლიდან უკვე ფუნქციონირებს ლაჯანურჰესი, რომელმაც ულამაზეს მეღვინეობის მხარეს უმძიმესი პრობლემები შეუქმნა. ცაგერის რაიონის 58 სოფლიდან 57 დამეწყრილია, იქ მცხოვრებ 900-ზე მეტ ოჯახს კი უპირობო გადასახლება სჭირდება. მეწყერი, ღვარცოფი და წყალდიდობა ლეჩხუმს ყოველწლიურად ანგრევს.

ასეთ პირობებში მდინარე რაიონის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე 4-5 წელიწადში ელსადგურების კასკადების მშენებლობაა გამიზნული. ამ პროექტის მიხედვით, სოფლებში: ტვიშში, ჟონეთსა და ნამოხვანში აშენდები სამი - 56,31 და 111-მეტრიანი კაშხალი. მდინარე რიონზე წყალსაცავის საერთო სიგრძე 28 კილომეტრი იქნება. მთლიანად დაიტბორება რვა სოფელი, კიდევ ექვსი სოფელი ავტომატურად დაცარიელდება, ვინაიდან დატბორვის არეალში 700 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა მოხვდება, მათ შორის ტვიშის მიკროზონის უნიკალური ლეჩხუმური ცოლიკაურის ვენახები. აღსანიშნავია, რომ ამოქმედების შემდეგ, ნამოხვანის ჰესების კასკადი მხოლოდ ექსპორტზე იმუშავებს, წარმოებულ ელექტროენერგიას ინვესტორი 20 წლის განმავლობაში თურქეთში გაყიდის.

პარლამენტის დეპუტატი და „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე, რომლის კომპეტენტურობასა და პატრიოტიზმში, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, აცხადებს: „ეს არის ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე სრული სიბეცე. ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავიგეთ სახელმწიფოს რა პოლიტიკა აქვს ამ საკითხისადმი. თუ გვინდა, რომ საქართველო, როგორც მცირემიწიანი ტერიტორია, თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა განვავითაროთ, მსგავსი გადაწყვეტლებები უნდა შევცვალოთ“.

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ნიდერლანდელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ხუდონჰესის მიმართ უნდა მომზადდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი, დეტალური აღწერითა და მდგომარეობის მითითებით, რის შემდეგაც უნდა გაკეთდეს მოქმედების გეგმა. ასევე საჭიროა განხორციელდეს გეოლოგიური საფრთხეების სრული შეფასება, მათ შორის, სეისმური რისკები, ეროზია, ბუნებრივი ფერდობებისა და კაშხლის ფუნდამენტის სტაბილურობა. დასათვლელია პროექტისგან მოსალოდნელი რისკებისა და სარგებლის ბალანსი, ანუ ერთ მხარესაა საკუთრების დაკარგვა, განსახლება, გარემოს დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის განადგურება, რის საპირწონედაც საკითხავია: რა სარგებელს მოუტანს პროექტი ქვეყანას? მიიღებს თუ არა ქვეყანა უფრო იაფ ელექტროენერგიას? რას მიიღებენ დაზარალებულები? როგორ განაწილდება პროექტისგან მიღებული სარგებელი?

”ამ ინფორმაციის შეგროვებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება. გარემოს დაცვის მინისტრს ვურჩევთ, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არ მიიღოს გადაწყვეტილება ამ პროექტთან დაკავშირებით, სანამ საჭირო ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული და შესწავლილი”, - ამბობს ნიდერლანდელი ექსპერტი არენ კორლჰოფი.

ამ დროს კი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და მისი მოადგილე, ვინმე ელოშვილი გვიცხადებენ, რომ პროექტი 2014 წლის მარტში უნდა დამტკიცდეს და მშენებლობაც უნდა დაიწყოსო. რით არის განპირობებული ასეთი გაუმართლებელი სიჩქარე? ყოველივე ეს, უკვე, საფუძვლიან ეჭვებს იწვევს.

ერთ საკითხზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც ვხედავთ, ინვესტორთა უმრავლესობა საქართველოში გიგანტურ ჰესებში იმის გამო დებს ინვესტიციას, რომ შემდგომში მათში გამომუშავებული ელექტროენეგიის 80-90 პროცენტი ექსპორტზე გაიტანოს და მხოლოდ მცირე ნაწილს უტოვებენ საქართველოს. გიგანტური ჰესების მომხრე მთავრობა თუ ფიქრობს, რომ საქართველოს უახლოეს წლებში დიდი ინდუსტრიული ბუმი ელოდება და ელ. ენერგიის დეფიციტის წინაშე დადგება, მაშინ, ფაქტია, რომ ამ ინვესტორებისგან ასეთ შემთხვევაში საგრძნობ ხეირს ვერ ვნახავთ, ამიტომ მთავრობა თუ ქვეყნის მომავალზე ზრუნავს, მაშინ კეთილი ინებოს და ყოველწლიურად ბიუჯეტსა თუ მსოფლიო ბანკიდა მოიძიოს ასი-ორასი მილიონი დოლარი და ესოდენ საჭირო საშუალო და მცირე ჰესები სახელმწიფომ თავად ააგოს, რომ საქართველოს ენერგეტიკას ბევრად იაფი და სამყოფი ელექტროენერგია გააჩნდეს.

სააკაშვილის მთავრობას ის ეპატია, რომ პრეზიდენტის 500-მილიონიანი და პარლამენტის 400-მილიონიანი სრულიად არაპრიორიტეტული მნიშვნელობის სასახლეეები ააშენა და კიდევ სხვა რა უაზრობებში ხარჯა ასობით მილიონი, ამას რა მოთვლის, ხოლო ახალი მთავრობა თუ სასიცოცხლო მნიშვნელობის იაფი ელექტროენერგიის მომცემ ელექტროსადგურების აგებაში ფულს დახარჯავს, ვფიქრობ, ამით დიდ სიკეთეს გაუკეთებს საკუთარ ხალხს.

ასე რომ, გიგანტური ჰესების მშენებლობა, თავისი დიდი საშიშროების მომცველი ფაქტორებით, საერთო ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და მთავრობის სწრაფ და განუსჯელ გადაწყვეტილებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. ის მთელი ქართული საზოგადოების განსჯის საკითხად უნდა იქცეს და ისე უნდა გადაიჭრას, როგორც ეს საზოგადოებისა და მაშასადამე, საქართველოს ინტერესებისთვის არის საჭირო.

მთავრობა ემსახურება ხალხსა და სახელმწიფოს, თუ ხალხი და სახელმწიფო მთავრობის ამბიციებისა და კეთილდღეობის იარაღია, როგორც ეს ბოლო ოცი წლის მანძილზე იყო, ანუ ისევ ძველებურად ტოტალიტარულ-ვოლუნტარისტულად იმართება ქვეყანა, თუ მართლაც დემოკრატიის სიომ დაჰბერა საქართველოში, სწორედ მოცემული საკითხის გადაწყვეტის დროს გამოჩნდება.