არგენტინაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეკონომისტმა-ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ მილეიმ ამომრჩეველთა 55%-ის მხარდაჭერა მიიღო. მისმა ოპონენტმა, ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასამ მილეის გამარჯვება შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე მიულოცა.
გამარჯვება მილეის აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მიულოცა, რომელსაც მას ხშირად ადარებენ.
გამარჯვების შემდეგ მილეიმ მხარდამჭერებს მიმართა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პირობა დადო. „დღეს არგენტინის აღდგენა იწყება“, - განაცხადა მან.
მანამდე მილეი ამბობდა, რომ ეროვნულ ვალუტაზე, პესოზე უარის თქმა, დოლარზე გადასვლა, ცენტრალური ბანკისა და რამდენიმე სამინისტროს გაუქმება სურს.
მილეი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 10 დეკემბერს დაიკავებს.