აშშ-ის ელჩს, გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ - პარტნიორულ ურთიერთობებს ვაპირებთ, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტს აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს შეეხება.
მაჭარაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი სიტუაციას რეალურად აფასებს.
„აშშ-ის ელჩს გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ, იგივე სიტუაციაში ნუ შეეცდებით ჩააგდოთ როგორშიც იყო მისი წინამორბედი. ახალ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ რეალურად აფასებს სიტუაციას, მისი ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობებით, ამიტომ ზედმეტი არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის ელჩის სხვა მისი ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, ეს უნდა განმარტოს და იქვე დასძენს, რომ ელჩი უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს.
„თუ აშშ- ის ელჩის სხვა პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს უნდა განგვიმარტოს, მაგრამ მე მგონია, რომ ამერიკის ელჩი მაინც უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს. დღეს სი ძინ პინი ხვდება ბაიდენს და ორივე აცხადებს, რომ აპირებენ, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობას. მართალია, ზურაბიშვილი დაჭერას უპირებს სი ძინ პინს და ალბათ, გააორმაგებს დაცვას, მაგრამ ამერიკის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ჩინეთის პრეზიდენტი საჯაროდ ამბობენ, აპირებენ თანამშრომლობას მათ შორის სამხედრო მიმართულებით და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აშშ- ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.
„სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა", - განაცხადა რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ელჩი ამბობს, რომ როცა საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, მისი რჩევა იქნება, ზუსტად იცოდე, ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. რაც შეეხება ფარცხალაძის სანქცირებას, დანიგანი ამბობს, რომ სანქცირება მთავრობებისთვის არის მინიშნება გამოძიებაზე.