გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო დრო, რომელიც თავისი გაძლიერებისთვის ჰქონდათ, ევროპული გზის ბოიკოტირების ფუჭ მცდელობებში გალიეს

გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო დრო, რომელიც თავისი გაძლიერებისთვის ჰქონდათ, ევროპული გზის ბოიკოტირების ფუჭ მცდელობებში გალიეს

ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო დრო, რომელიც თავისი გაძლიერებისთვის ჰქონდათ, ევროპული გზის ბოიკოტირების ფუჭ მცდელობებში გალიეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ გადავდგით ორი ნაბიჯი. ერთი, ავკრძალეთ პარტიების დაბლოკვა და მეორე, დავაწესეთ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ორივე იმისთვის გაკეთდა, რომ ადამიანებს, პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიებს მივცეთ პოლიტიკური გამსხვილების საშუალება, რომ მათ საკუთარი ძალები ირწმუნონ. როგორმე დაეხსნან სააკაშვილის აჩრდილს, სადაც ახლა არიან ჩარჩენილები და იქ ფუსფუსებენ, ამ ადამიანის ჭაობში და იქიდან ვერ გამოსულან. ეს აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯი იყო. ჩვენ ერთჯერადად ვთქვით, რომ კი ბატონო, ახლა მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნება ნულოვანი ბარიერი, მათ შორის ეს რეგლამენტშიც აისახა და ჩვენ გარდამავალ დებულებებში ისიც ავსახეთ, რომ ორდეპუტატიანი პოლიტიკური ჯგუფებიც შექმნილიყო, რომ თუნდაც ამ ჯგუფების ხმა არ დაკარგულიყო და მათ მოეხერხებინათ გაძლიერება და უკეთესად მომზადება. მათი ეს დრო გაილია ევროპული გზის ბოიკოტირების ფუჭ მცდელობებში“, - განმარტა გია ცაგარეიშვილმა.