სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის იმიტომ არის მხოლოდ ფორმალური და ლეგიტიმაციას მოკლებული პრეზიდენტი, რომ უკვე საშიშ, საერთაშორისო ურთიერთობების დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. არ ვიცით, დღეს რომ ასეთ რამეს ამბობს, ხვალ რას იტყვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება ჩვენ რომ არ გვქონოდა მიღებული და ისე გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილს ეს განცხადება ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რამხელა უხერხულობაში აღმოვჩნდებოდით. კარგი იქნებოდა, კიდევ უფრო რომ გაგვეკეთებინა, მაგალითად, მაშინ, გარეჯთან დაკავშირებით რომ აკეთებდა განცხადებებს. მაშინ გაცილებით დიდი უხერხულობა იყო. ახლა ის მაინც გვაქვს დაფიქსირებული, რომ ეს ადამიანი ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ულეგიტიმოა, და შედარებით კარგ მდგომარეობაში ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ბოდიშების მოხდა უწევს ჩინეთის ხელისუფლების მიმართ. არც დიპლომატიურ ეთიკაში, არც პოლიტიკაში, არაფერში ჯდება ეს. იმიტომ არის ის ჩვენთვის მხოლოდ ფორმალური და ლეგიტიმაციას მოკლებული პრეზიდენტი, რომ უკვე საშიშ, საერთაშორისო ურთიერთობების დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. არ ვიცით, დღეს რომ ასეთ რამეს ამბობს, ხვალ რას იტყვის. ჩვენი მხრიდან ერთგვარი დაზღვევა იყო იმპიჩმენტის პროცედურა და ის გადაწყვეტილება, რომ მას პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ამით ჩვენ მისი უკიდურესად დამაზიანებელი განცხადებების გარკვეულ პრევენციას ვაკეთებთ, მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სი ძინპინისა და პუტინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მისი შინაგანი რწმენით, „ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.