უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაადასტურა, რომ ევროკავშირი 2024 წლის მარტამდე კიევს დაპირებულ მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას ვერ მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
ჟურნალისტებმა კულებას ჰკითხეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს Bloomberg-ის სტატია იმის თაობაზე, რომ ევროკავშირი 2024 წლის მარტამდე ვერ შეძლებს უკრაინისათვის დაპირებული საბრძოლო მასალის გადაცემას.
„სამწუხაროდ, Bloomberg-ი სიმართლეს ამბობს. არსებობს კითხვები და ჩვენ, ასე ვთქვათ, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ“, - აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, ეს უკავშირდება არა ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობას, არამედ „თავდაცვითი მრეწველობის სავალალო მდგომარეობას“ და „დიდ ბიუროკრატიას“. კულებას განცხადებით, ევროკავშირი ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, თუმცა უფრო მეტი სისწრაფით უნდა იმუშაოს.