ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „მოქალაქეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ზეწოლაა.
„ვინც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილი შეიწყალეო, ეუბნება - მთელი ცხოვრება იწყალეო. ასე არ ხდება იმიტომ, რომ დამდგარ განაჩენზე კარი რომ გააღონ და გამოუშვან სააკაშვილი, იმ წამს მიატრიალებენ და უკან შეიყვანენ. მერე მეორე ბრალზე უნდა დადგეს განაჩენი, მერე მესამეზე უნდა დადგეს და ცხრაჯერ ხომ ვერ შეიწყალებს, არა? ამიტომ, სუფთა სამართლებრივად, ეს აბსურდია.
ყველაზე კარგად გვარამიამ იცის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს ვერ შეიწყალებს და მაინც გამოდის [შეწყალების მოთხოვნით]. ეს არის სუფთა პოლიტიკური სვლა, რომ აწვებიან სალომე ზურაბიშვილს და თან ქულებს იწერენ სააკაშვილთან - აჰა, მეტი რა გაგვეკეთებინაო“, - აცხადებს ელისაშვილი.
სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა, თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა რთულია.