„იმედის კვირამ“ საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან ინტერვიუ ჩაწერა. მან ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოვაჩინეთ სკოლები, სადაც ეზოებში რაკეტების დასამზადებელი მოწყობილობებია, ბოისკაუტების ტერიტორია, რომელიც რაკეტების გასაშვებად გამოიყენებოდა. გვირაბები, რომლებსაც საბავშვო მოედნებიდან და საავადმყოფოებიდან აქვს შესასვლელები.
მეიცადმა იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებიც ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში იმყოფებიან. საუბარია 200-ზე მეტ ადამიანზე, რომელთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ქალები, მოხუცებული ადამიანები. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, კი ისრაელში ყოველ დღე იმართება აქციები.
„ჩვენ ვსაუბრობთ 37 დღეზე. ბავშვები ისევ ტყვედ ჰყავს „ჰამასს“. ოჯახები არიან ისრაელში, რომლებსაც 5 კვირაა არ უძინიათ. როგორ უნდა დაიძინო, როცა შენი შვილი, დედა, ძმა, მამა, შენი ახლობელი „ჰამასის“ ტყვეობაშია და არც იცი, რა მდგომარეობაშია. როცა ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ, ადამიანებს უნდა ახსოვდეს, რომ 7 ოქტომბრამდე ცეცხლი შეწყვეტილი იყო. „ჰამასი“ მოდის ჩვენს სახლებში, კლავს ჩვენს შვილებს, მოქალაქეებს სასტიკად, ტყვედ აჰყავს ხალხი და მალავს მათ მიწის ქვეშ, გვირაბებში და ახლა ჩვენ მათ ვებრძვით, ასე რომ არა, ცეცხლი არ შეწყდება. ამავდროულად ჩვენ არაფერი გვესმის ჩვენს ტყვეებზე, თუ არ ჩავთვლით ფსიქოლოგიურ ომს, რომელიც ტყვეობაში მყოფი ადამიანების ვიდეოების გამოქვეყნებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ელჩმა.
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.