ღაზაში სერიალ „ფაუდას“ პროდიუსერი დაიღუპა

ღაზაში სერიალ „ფაუდას“ პროდიუსერი დაიღუპა

სერიალ „ფაუდას“ გადამღები ჯგუფის წევრი, მათან მეირი, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობდა, ერთ-ერთი რეიდის დროს დაიღუპა. ინფორმაცია „ფაუდას“ სოცქსელებში გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, 38 წლის თადარიგის უფროსი სერჟანტი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ერთ-ერთ შენობას ამოწმებდა და „ჰამასის“ გვირაბებს ეძებდა. როდესაც ის და კიდევ 4 ადამიანი სახლში შევიდნენ, აფეთქება მოხდა. მეირი და მისი თანამებრძოლები ნანგრევებში მოყვნენ.

მეირი „ფაუდას“ პროდიუსერთა ჯგუფში მუშაობდა და ისრაელური სერიალის ოთხივე სეზონის გადაღებაში მონაწილეობდა. „ფაუდას“ გადამღებმა ჯგუფმა მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა. შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა, 240-ზე მეტი კი მძევლად არის აყვანილი. ამის შემდეგ „ცაჰალმა“ ღაზის სექტორზე ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოქტომბრის ბოლოს ისრაელელი სამხედროები სექტორის ტერიტორიაზე შევიდნენ.